
ოქრუაშვილი: სამხედრო ნაწილებში ვითარება საგანგაშოა
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს ყველა მაღალჩინოსანი, რომელსაც სამხედრო ნაწილებში შექმნილ სავალალო მდგომარეობაში წვლილი მიუძღვის, დაისჯება. მისი თქმით, კონკრეტულ პირებზე მასალები უკვე გადაგზავნილია პროკურატურაში.
“მინდა ეს პირები ერთი თვის განმავლობაში ციხეში ვიხილო. მათ ქართული ჯარი ჩააყენეს უარეს პირობებში, ვიდრე ჩვენ ის რევოლუციის შემდეგ გადმოვიბარეთ“, განაცხადა მინისტრმა.
ოქრუაშვილის ინფორმაციით, დღეისთვის სამხედრო ნაწილები უხარისხო და არასაკმარისი კვების პროდუქტებით მარაგდება. ასევე ხელოვნურად არის გაზრდილი ყაზარმებსა და თავდაცვის სამინისტროში სარემონტო სამუშაოებზე დახარჯული თანხები.
მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე კონკრეტული ფაქტები დაასახელა და არსებულ ვითარებას “საგანგაშო” უწოდა.