ახალი ამბები

ცხინვალი ეუთოსა და მშვიდობისმყოფელთა მანდატის გაფართოებაზე უარს ამბობს

მოსკოვში გამართულ შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე სამხრეთ ოსეთის მხარემ უარი განაცხადა ქართული მხარის წინადადებაზე კონფლიქტის ზონის ჩრდილოეთით, რუსეთის საზღვრისკენ, გაფართოების თაობაზე, რაც საშუალებას მისცემდა სამშვიდობო ძალებს და ეუთოს სამხედრო დამკვირვებლებს როკის გვირაბიც გაეკონტროლებინათ.


შერეული საკონტროლო  კომისიის სხდომა 30 სექტემბერს შეუდგა მოსკოვში მუშაობას. სავარაუდოდ, მხარეები შემაჯამებელ ოქმს 2 ოქტომბერს მოაწერენ ხელს.


1 ოქტომბერს მხარეებმა განიხილეს თბილისის წინადადება კონფლიქტის ზონის გაფართოების თაობაზე. ამჟამად, ეს ზონა ცხინვალიდან 15 კილომეტრის რადიუსზე ვრცელდება. ქართულ მხარეს სურს, როგორც სამშვიდობოების, ასევე ეუთოს დამკვირვებელთა მანდატის გაფართოვება, რაც საშუალებას მისცემს გააკონტროლოს როკის გვირაბი და ჯავის რაიონი. ეს უკანასკნელი სამხრეთ ოსური შეიარაღებული დაჯგუფებების პლაცდარმს წარმოადგენს.


“ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ სამშვიდობო ძალებს, რომელიც ქართულ, რუსულ და ოსურ ჯარებს აერთიანებს, სამხრეთ ოსეთის მთელი ტერიტორიის გაკონტროლების საშულება მიეცეთ… კონფლიქტის მოგვარების გასაღები მხოლოდ [ამჟამინდელი] კონფლიქტის ზონის კონტროლში არ დევს“, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ მოსკოვში 1 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.


“გვინდა, რომ როკის გვირაბი შერეულმა სამშვიდობო ძალებმა გააკონტროლონ, ეუთოს დამკვირვებელთა მონაწილეობით“, დასძინა მან.


ტელეკომპანია “იმედის“ ცნობით, სამხრეთ ოსური მხარე არ ეწინააღმდეგება კონფლიქტის ზონაში ეუთოს სამხედრო დამკვირვებელთა 5-დან 10-მდე გაზრდას. 


არსებული ინფორმაციით, უკვე მიღწეულია შეთანხმება მხარეებს შორის მაღალი დონის შეხვედრის ჩატარების თაობაზე. გოგა ხაინდრავას თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს შორის მოლაპარაკება სავარაუდოდ ოქტომბრის მეორე ნახევარში გაიმართება.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button