
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია “ე.წ. სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით”. მასში ნათქვამია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა აღშფოთებას გამოთქვამს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერ ქართველი სამშვიდობო ძალების შეიარაღებული დანაყოფის მძევლად აყვანის გამო.
“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს გაატარონ ყველა შესაძლო ღონისძიება აღნიშნული კრიზისის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით”, ნათქვამია რეზოლუციაში.
რეზოლუცია მიღებულ იქნა პრაქტიკულად ერთხმად, მხოლოდ რუსეთის დელეგაცია იყო წინააღმდეგი. რუსეთის დელეგაციის წევრის კოზლოვსკის თქმით, ეს რეზოლუცია ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს. “ამ კონფლიქტში მონაწილეობს სამი მხარე, და აქედან გამომდინარე ეუთომ უნდა გაითვალისწინოს სამივე მხარის პოზიცია, და არა მხოლოდ საქართველოსი”, განაცხადა კოზლოვსკიმ.
“რეზოლუციას მხარს უნდა უჭერდეს ყველა ის სახელმწიფო, რომელიც მომხრეა კონფლიქტების პოლიტიკური გზით დარეგულირებისა და დაუშვებლად მიიჩნევს სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერას”, განაცხადა საპასუხოდ ნინო ბურჯანაძემ.
“საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის ეუთოს, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ოფისის საკმაოდ მკაცრი განცხადებების, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თოთოეული დელეგატის დამსახურებაა ის, რომ სიტუაცია კონფლიქტის ზონაში თანდათან რეგულირდება”, განაცხადა 9 ივლისს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა დაარეგულიროს აღნიშნული კონფლიქტი პოლიტიკური მეთოდებით და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და მათ შორიოს ეუთო ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მომავალში აღარ დაუშვან მსგავსი მოვლენების გამეორება.