ახალი ამბები

ამნისტია გადასახადების სანაცვლოდ

მსხვილი ბიზნესი იძულებულია ხელისუფლების
მიერ შეთავაზებულ ახალ წესებს დათანხმდეს.

საქართველოს ხელისუფლება მსხვილ ბიზნესს ახალი თამაშის წესებს სთავაზობს და ბოლო ექვსი წლის განმავლობაში დამალული გადასახადების გადახდას სთხოვს, სანაცვლოდ უსაფრთხო ბიზნეს გარემოს და სამ-ოთხ თვეში ლიბერალურ საგადასახადო კოდექსს პირდება.

ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი “საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების შესახებ” პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს 6 მარტს წარუდგინეს.

ახალი კანონპროექტის მიხედვით ბიზნესმენებმა ბოლო 6 წლის განმავლობაში გადაუხდელი გადასახადების შესახებ დეკალრაცია 1 ივლისამდე უნდა შეავსონ. დეკლარაციებს ერთ თვეში ფინანსთა, ეკონომიკის, იუსტიციის სამინისტროების   და ბიზნესმენების წარმოამდგენლების მიერ შექმნილი სპეციალური კომისია შეისწავლის.

იმ ფირმების მიმართ, რომელთა დამალული გადასახადები არ აღემატება 1 მილიონ ლარს განხორციელდება ფინანსური ამნისტია, ხოლო იმ ბიზნესმენებს, რომელთა დავალიანება მილიონს აჭარბებს, 2004 წლის 31 დეკემბრამდე დამალული გადასახადების 10% უნდა გადაიხადონ. დავალიანების დარჩენილი 90%-ის დაფარვა, ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოხდება 5-დან 15 წლის განმავლობაში.

“ბიზნესმენების მიერ წარდგენილი დეკლარაცია კონფიდენციალურია. არასწორი ინფორმაციის წარდგენისათვის გადამხდელის მიმართ გატარდება კანონმდებლობით გათავლიწინებული ღონისძიებები” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და დასძინა, რომ ეს კანონპროექტი მისაღები უნდა იყოს ყველა ბიზნესმენისთვის, ვისაც სურს ლეგალური ბიზნესი წარმოება.

“ვინც ამ თამაშის წესებს გაითვალიწინებს დაუკითხავად მისი ქონების შემოწმებას არ მოახდენს არც ერთი ორგანო, როგოც ეს აქამდე ხდებოდა” – განაცხადა შეხვედრაზე ზურაბ ჟვანიამ.

პერმიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას განცხადებით, გადამხდელი, რომელიც კანონპროექტით ვალდებული იქნება დაფაროს ძველი დავალიანება, არსებული, ანუ მიმდინარე გადასახადების პირნათლად გადახდაც მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუქმნდება რესტრუქტურიზაციის რეჟიმი და დაისჯება კანონის შესაბამისად.

აღნიშნული კანონპროექტი არ მოქმედებს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მაგალითად ეს ინიციატივა არანაირ გავლენას არ იქონიებს ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის სიძეზე გია ჯოხთაბერიძეზე. “მაქთიკომის” თანამფლობელი სამთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. გენპროკურატურა მას 750,000 ლარს ედავება.

დამალული გადასახადების გადახდა არ ეხება იმ პირებს, რომელებმაც სახელმწიფოს 1 მლნ ლარზე ნაკლები დაუმალა. პრეზიდენტის განცხადებით, ასეთი ქვეყანაში დაახლოებით 90%-ია.

ბიზნესმენები, რომლებიც პრეზიდენტთან და პრემიერთან შეხვედრას ესწრებოდნენ, მხოლოდ მცირედი შენიშვნები გამოხატეს ინიციატივასტან დაკავშირებით. “მილიონიანი ზღვარის დაწესება ჩემთვის ცოტა გაუგებარია, არ ვიცი ზუსტად რას ეყრდნობა, ან როგორ უნდა განისაზღვროს ვის რამდენი აქვს დამალული. ამის გამო არის გაურკვევლი საკითხები” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ზაზა სიორიძემ.

“პრინციპულად მისაღებია, მაგრამ არის ბევრი კითხვები და მისი განხილვა სამუშაო ჯგუფში უნდა მოხდეს. კარგი იქნება თუ უფრო ფართო განხილვის საგანი გახდება კანონპროექტი” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას გაერთიანებული ქართული ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვანო ჩხარტიშვილმა, რომელიც ასევე ტელეკომპანია “მზის” დამფუძნებელიცაა.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელსაც ბიზნესი ხელისუფლებას უყენებს ეს საგადასახადო კოდექსის გამარტივება და ლიბერალიზაციაა.

ოფიციალური მონაცემებით, თებერვლის თვის ბიუჯეტის შემოსავლები გადაჭარბებით, 106%-ით შესრულდა. ფინანსთა მინისტრისა და პრეზიდენტის განცხადებით ეს საგადასახადო ადმინისტრირების გამკაცრებით არის გამოწვეული. თუმცა, როგორც მრავალი ექსპერტი მიიჩნევს, არსებული კოდექსის დიდი ხნით ძალაში დატოვება პირველ რიგში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იქნება დიდი დარტყმა.

“საგადასახადო კოდექსი უნდა გამარტივდეს. არსებული კოდექსის მიხედვით საგადასახადო ტვირთი არის ძალიან მაღალი, ამას ემატება კორუფცია. ყოველივემ ქვეყანაში წარმოშვა ჩრდილოვანი ეკონოიმიკა და ბიზნესის 70% მოაქცოა ჩრდილში. ეს რომ ასე აღარ გაგრძლედეს საჭირო და აუცილებელია კოდექსის გამარტივება,” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ვაჟა სალამაძემ.

“მე ახლა იმაზე მეტის გადახდა მიწევს ვიდრე ადრე. ვიცი რომ ის თანხა რასაც ადრე ვიხდიდი ვიღაცის ჯიბეში მიდიოდა, მაგრამ მე მირჩევნია კანონით უფრო ცოტა იყოს გადასახადი, პირნათლად გადავიხადო და ის ფული ბიუჯეტში წავიდეს,” – უთხრა სივილ ჯორჯიას ქეთიმ, რომელიც თბილისის ცენტრში პატარა რესტორანს ფლობს.

მისი თქმით თუ ასე გაგრძელდა მას ან ფასების გაზრდა მოუწევს, ან ბიზნესის შეჩერება, რადგან “არსებული საგადასახადო სისტემით მუშაობა შეუძლებელია.”

ხელისუფლება პირობას დებს, რომ მოხდება ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება, მანამდენ კი ბიზნესმენებს მოთმინებას თხოვს. პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი მაისისთვის იქნება მზად.

“ვიცი რომ ძალიან ძნელია არსებული საგადასახადო სისტემით მუშაობა. მაგრამ გთხოვთ რომ სამი-ოთხი თვე მოვითმინოთ და პირნათლად გადავიხადოთ გადასახადები,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას.

მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს მოუწევთ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული თამაში წესების მიღება. მათ უბრალოდ უკეთესი ალტერნატივე არ გააჩნიათ.

“ეს პროექტი ყველას უნდა აწყობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს მეორე უფრო მწვავე გზა ჩვენთვის – გაკოტრება ან ჩვენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა” – განაცხადა მსხვილგადამხდელთა კავშირის თავმჯდომარემ ნიკო ლეკიშვილმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ხშირად გაიგებდით თუ როგორ ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს გავლენიანი ბიზნესმენები: “მეხუთე იზოლატორში შევხვდებით.” რა თქმა უნდა ეს ხუმრობაა, რომელიც გარკვეულ წილად მათ ზოგად განწყობას ასახავს.

Back to top button