ახალი ამბები

ევროპის საბჭო შეშფოთებულია საქართველოს მიერ რეკომენდაციების უგულველყოფით

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მონიტორინგის დელეგაციმ 27 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის „გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას იმის გამო,  რომ ახალმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მის მიერ წინა არჩევნების შემდგომ გაკეთებული და 2004 წლის იანვარში სტრასბურგის პლენარულ სესიაზე მიღებულ ანგარიშში ასახული რეკომენდაციები.“


„ვარდების რევოლუცია დამთავრდა. ამჟამად ქვეყანას ჰყავს ახალი მთავრობა. ახალმა ხელისუფლებამ ძალაუფლებაში მოსვლისას საქართველოში პლურალისტური დემოკრატიის შექმნისა და განმტკიცების პირობა დადო. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს გამოცდას საქართველოს დემოკრატიისაკენ მოძრაობის გზაზე,“ – ნათქვამია განცხადებაში.


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცსკო) და ქვედა დონის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.


„ხელისუფლებამ უნდა დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ ცესკოს და ქვედა დონის საარჩევნო კომისიების ობიექტურად დაკომპლექტებას.“ დელეგაციამ მოუწოდა ხელისუფლებას დაიცვას პოლიტიკური ბალანსი საარჩევნო კომისიებში.


დელეგაციამ ასევე მოუწოდა მთავრობას შეამციროს პარლამენტში პარტიებისთვის მოსახვედრად საჭირო 7%-ანი ბარიერი. 


„პლურალისტური დემოკრატიის არსებობა შეუძლებელია მყარი ოპოზიციის გარეშე. არსებული 7%-იანი საარჩევნო ბარიერის და დანაწევრებული ოპოზიციის გათვალისწინებით არსებობს იმის რეალური საშიშროება, რომ მოახლოებული არჩევნების შედეგად მივიღებთ ერთპარტიულ პარლამენტს,“ ნათქვამია განცხადებაში.


ამიტომ დელეგაცია მიიჩნევს, რომ არ არსებობს საფუძველი იმსათვის, რომ ხელისუფლება გამოვიდეს არსებული  7% საარჩევნო ბარიერის 4% ან 5%-მდე დაწევის წინააღმდეგ. 


2004 წლის 28 მარტის არჩევნებზე დასაკვირვებლად საპარლამენტო ასამბლეა გამოაგზავნის 30 წევრიან დელეგაციას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button