skip to content
ახალი ამბები

ამომრჩეველთა სიები კვლავ პრობლემად რჩება

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად საქართველოს დროებითი მთავრობა და საარჩევნო ადმინისტრაციები გარკვეული პრობლემების წინაშე დგანან, რომელთა დროული გადაწყვეტაც აუცილებელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ამომრჩეველთა სიები ქვეყნის ახალი ხელისუფლებისა და გადახალისებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს წარმოადგენს.
 
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 7 დეკემბერს ამომრჩეველთა ახალ სიებთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო, რომელიც ამომრჩეველთა წინასწარ რეგისტრაციას ითვალისწინებს.
 
2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს ამომრჩეველთა არაზუსტმა სიებმა ათასობით ამომრჩევლის პროტესტი გამოიწვია. მათ ვერ შეძლეს არჩევნებში მონაწილეობა, რადგანაც თავიანთი გვარები სიებში ვერ იპოვეს.
 
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლად არჩეული თავჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ამომრჩეველთა ახალი სიები მოქალაქეების დახმარებით უნდა მომზადდეს.
 
ცსკო-ს დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლები 15 დეკემბრიდან 21 დეკემბრამდე უნდა მივიდნენ საარჩევნო უბნებში და შეავსონ სპეციალური ფორმები, რომელიც მათ საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ 4 იანვარს დაგეგმილ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში.
 
21 დეკემბრიდან 27 დეკემბრამდე საარჩევნო უბნები შესწორებებს შეიტანენ ამომრჩეველთა სიებში. 27 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე ცენტრალური საარჩევნო კომისია შემდგომ შესწორებებს შეიტანს და საბოლოოდ დააზუსტებს სიებს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებთან, ასევე სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების დახმარებით.  
 
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მისი წინადადება “იდეალურისგან შორს არის”, თუმცა, მისი თქმით, ეს ერთადერთი გზაა ამომრჩეველთა სიების დასახვეწად ამ ეტაპზე.   
 
“შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან კონსულტაციების შედეგად გაირკვა, რომ არ არსებობს ამომრჩეველთა ზუსტი მონაცემები, რომლის საფუძველზეც ცენტრალური საარჩევნო კომისია მოამზადებდა ამომრჩეველთა სიებს” – განაცხდა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
 
დადგენილება ასევე ითვალისწინებს იმ ამომრჩეველთა შეტანას სიებში არჩევნების დღეს, რომლებმაც ვერ გაივლიან წინასწარ რეგისტრაციას.
 
“გასაგებია, რომ გარკვეული მიზეზების გამო საქართველოს ყველა მოქალაქე ვერ შეძლებს გაიაროს საარჩევნო რეგისტრაცია. ამიტომ, არჩევნების დღეს იქნება სპეციალური პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ამომრჩევლის კონსტიტუციური უფლების დაცვას და მათ მიერ ხმის მიცემის უფლების გამოყენებას”, – აცხადებს ჭიაბერაშვილი.
 
პარლამენტმა 5 დეკემბერს ქვორუმის არარსებობის გამო ვერ შეძლო ამ დადგენილების მიღება. შედეგად, ცსკო-მ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება.
 
დეპუტატთა ერთი ნაწილი მოცემულ დადგენილებას სკეპტიკურად შეხვდა. ოპონენტების განცხადებით, ამომრჩეველთა მხოლოდ მცირე ნაწილი მივა საარჩევნო უბნებში, რათა წინასწარი რეგისტრაცია გაიაროს.
 
“ამომრჩეველთა მონაცემების მომზადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების პრეროგატივაა. ჩვენ ვერ ვაიძულებთ ამომრჩევლებს მივიდნენ საარჩევო უბნებში და რეგისტრაცია გაიარონ”, – განაცხადა დეპუტატმა ვალერი გელბახიანმა 5 დეკემბერს გამართულ პარლამენტის სხდომაზე.
 
დეპუტატი ვახტანგ ხმალაძეც ასევე უარყოფითად შეხვდა ცსკო-ს თავჯდომარის წინადადებას. მისი განცხადებით, წინასწარი რეგისტრაცია მნიშვნელოვნად შეამცირებს ამომრჩეველთა რიცხვს, რადგანაც, მისი ვარაუდით, ამომრჩეველთა მხოლოდ მცირე ნაწილი მივა საარჩევნო უბნებში რეგისტრაციის გასავლელად. “ამგვარად, შესაძლებელია საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ 250-300 ათასი ამომრჩეველმა აირჩიოს” – დასძინა მან.
 
ოპონენტებმა ასევე გააკრიტიკეს წინადადება არჩევნების დღეს ამომრჩეველთა სიებში შეტანის თაობაზე. მათი თქმით, ეს ე.წ. “კარუსელებს” გამოიწვევს, როცა ერთი ადამიანი სხვადასხვა უბნებზე რამდენჯერმე აძლევს ხმას.
 
“როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე, მე ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი, შესაბამისი სტრუქტურები და პარტიები განიხილავენ ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულ სირთულეებს და მიიღებენ ჩემს წინადადებას სიების შედგენის ზემოხსენებული მექანიზმების გამოყენების თაობაზე”, – ნათქვამია ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ 4 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
 
უზუსტობა ამომარჩეველთა სიებში, როგორც ეს 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს მოხდა, სერიოზული დარტყმა იქნება საქართველოს ახალი ხელისუფლებისთვის, რომელმაც უკვე დადო პირობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების თაობაზე.

Back to top button