skip to content
ახალი ამბები

სოციალისტების ახალი ინიციატივა კონფისკაციის მუხლის ამოქმედებასთან დაკავშირებით

(თბილისი, 21 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტი უახლოეს პერიოდში უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ კანონპროექტს განიხილავს. ამ განხილვასთან დაკავშირებით დღეს ახალი ინიციატივით გამოვიდა “სოციალისტური პარტიის” წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი.

იგი მოითხოვს სისხლის სამართლის კოდექსში კონფისკაციის შესახებ მუხლის შეტანას, რაც უკანონო შემოსავლების დაფიქსირების დროს უნდა ამოქმედდეს და მის ლეგალიზაციას აღკვეთავს.

აღნიშნული მუხლი კოდექსიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იქნა ამოღებული. ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას სპეციალური ფინანსური მონიტორინგის ჯგუფი, რომელსაც უშუალოდ დაევალება უკანონო შემოსავლების გამოვლენა.

ქუცნაშვილის განმარტებით, ამ მუხლის და კანონის განხილვა ერთობლივად უნდა მოხდეს პარლამენტში. იგი არ გამორიცხავს იმასაც, რომ საკითხის განხილვა დიდ ხმაურს და აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს პარლამენტში.

ამ კანონოს მიღების დაჩქარება ევროსაბჭოს დელეგაციის თბილისში ვიზიტის შემდეგ დადგა დღის წესრიგში. დელეგაციამ უკამყოფილება გამოთქვა, იმის გამო, რომ საქართველო ვერ ასრულებს საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე აღებულ ვალდებულებას და არ ატარებს  “შავი ფულის გათეთრების” წინააღმდეგ ღონისძიებებს. ასევე დღემდე არ არის მიღებული კანონი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button