ახალი ამბები

შევარდნაძე უარყოფს ინფორმაციას სანკტ-პეტერბურგში სამშვიდობოების მანდატის განხილვის შესახებ

(თბილისი, 2 ივნისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე უარყოფს უკრაინის პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას მიერ სანკტ-პეტერბურგში გაკეთებულ განცხადებას აფხაზეთში რუსული სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის 10 წლით გაგრძელების თაობაზე და ამას საკითხების აღრევასა და გაუგებრობას უწოდებს.

“არ ვიცი რა თქვა, ალბათ კუჩმამა ვერ დაიმახსოვრა ან ვერ გაოგო დასმული შეკითხვა. ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა, ვინაიდან პრეზიდენტ პუტინთან სოჭში შემდგარ შეხვედრაზე ჩვენ უკვე გავარკვიეთ ეს საკითხი და გადაწყდა, რომ სამშვიდობო ჯარები ერთ-ერთ მხარის მოთხოვნის შემდეგ მეორე დღესვე დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას, ეს ჩვენ სატელეფონო საუბრითაც შეგვიძლია გავაკეთოთ”, – განაცხადა დღევანდელ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგში განხილული იყო სულ სხვა კონვენციის საკითხი 10 წლით გადავადების შესახებ, რომელთანაც საქართველოს არანაირი კავშირი არ აქვს.

“ჩემთვის მთავარი პრეზიდენტ პუტინთან სოჭში მიღწეული შეთანხმებაა, რაზეც სანკტ-პეტერბურგის შეხვედრის დროსაც გვქონდა საუბარი, ახლა უკვე სამუშაო ჯგუფები მუშაობენ ამ საკითხების განხორციელებაზე”, – აცხადებს შევარდნაძე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button