ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმები გაეროს დამკვირვებლებს ეძებენ

(თბილისი, 7 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – გუშინ გვიან ღამით თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების დამატებითი შენაერთი გაეროს დამკვირვებლების საძებნელად კოდორის ხეობაში გაემგზავრა.

“სამწუხაროდ მდგომარეობა უცვლელი რჩება. ჯერ-ჯერობით ჩვენ არ გაგვაჩნია რაიმე ოფიციალური ინფორმაცია მძევალთა ან გამტაცებელთა ადგილსამყოფელის შესახებ”, – განუცხადა 7 ივნისს “სივილ ჯორჯიას” საქართველოში გაეროს მისიის კავშირგაბმულობის ოფიცერმა სერგეი შიგლოვმა.

მისი თქმით, მათ არაფერი არ იციან მძევალთა მდგომარეობის შესახებ, რადგანაც არც გამტაცებლები, არც მძევლები კონტაქტზე არ გამოსულან გატაცების შემდეგ. 

თუმცა, 5 ივნისს გაეროს საინფორმაციო ცენტრმა ნიუ-იორკში გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ “მძევლებმა მოახერხეს რადიოს საშუალებით ეცნობებინათ, რომ ისინი არ დაშავებულან”.

ინციდენტი 5 ივნისს მოხდა, როდესაც გაეროს დამკვირვებელთა მისია რეგულარულ პატრულირებას აწარმოებდა კოდორის ხეობაში. თავდამსხმელებმა გაიტაცეს გაეროს წარმომადგენლები – ორი დამკვირვებელი, ერთი ექიმი და ქართველი თარჯიმანი – და მათი თანმხლები რუსი სამშვიდობოები. ეს უკანასკნელნი მაშინვე გაათავისუფლეს, ხოლო გაეროს წარმომადგენლები კვლავ მათ ხელში იმყოფებიან.

კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ემზარ კვიციანის ცნობით, დაწესებულია 2,000 ლარიანი (დაახლოებით 1,000 აშშ დოლარი) ჯილდო გატაცებულ მძევალთა ადგილსამყოფელის შესახებ რაიმე ინფორმაციის მიწოდებისთვის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button