ახალი ამბები

დაკავებული ჩეჩენების სარჩელს უზენაესი სასამართლო განიხილავს

(თბილისი, 22 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის დაკავებული სამი ჩეჩენის სარჩელს უზენაესი სასამართლო განიხილავს.

ჩეჩნების ადვოკატებმა სააპელაციო სარჩელი შეიტანეს უზენაესს სასამართლოში მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოს 13 მარტის განაჩენის გასაჩივრების და 2002 წლის 28 ნოემბრის გენერალური პროკურორის დოკუმენტის გაუქმების მოთხოვნით, რომლითაც პროკურატურამ მიზანშეწონილად მიიჩნია დაკავებულთა რუსეთში ექსტრადიცია.

“სასამართლოს დადგენილება ორი ჩეჩენის ექსტრადირების შესახებ უკანონოა და ჩვენ ამ მოტივს დავასაბუთებთ, ასევე უსაფუძვლოდ მიგვაჩნია გენერალური პროკურორის წერილი, რომელიც თანხმდება ჩეჩნების ექსტრადიციას რუსეთის პროკურატურაზე დაყრდნობით”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” დაკავებულთა ერთ-ერთმა ადვოკატმა მალხაზ პატარაიამ.

მისი თქმით, მათ ასევე ერთ-ერთი ჩეჩენი პატიმრის გელოგაევის სახელზე საოლქო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრის მიერ შედგენილი დოკუმენტის გაუქმების თაობაზე, რომლის შედაგადაც გელოგაევს ლტოლვილის სტატუსი მოეხსნა.

უზენაესს სასამართლოში სარჩელი შეიტანეს ასევე პროკურატურის წარმომადგენლებმა, რომლებიც ამ საქმეში ბრალდების მხარეს წარმოადგენენ.

პროკურატურის წარმომადგენლის პაატა მსხილაძის განცხადებით, უზენაესს სასამართლოში შეტანილია კერძო საკასაციო სარჩელი, რომლის მიხედვით, ისინი აპროტესტებენ მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს განაჩენის იმ ნაწილს, რომლის მიხედვით, ერთ-ერთი ჩეჩენის ექსტრადირების საკითხი არ დაკმაყოფილდა.

13 მარტს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა ორი ჩეჩენის გელოგაევის და ელხაჯიევის სარჩელი მათი რუსეთში ექსტრადიციის შესახებ პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დააკმაყოფილა, ხოლო ალხანოვის ექსტრადიცია არ მიიჩნია მიზანშეწონილად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button