Placeholder canvas
ახალი ამბები

ინტერვიუ საქართველოს ელჩთან გაერო-ში რევაზ ადამიასთან

რევაზ ადამია საქართველოს პარლამენტის წევრი იყო 1995-2002 წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში ეკავა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი. 2001 წელს იგი აირჩიეს “მოქალაქეთა კავშირის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარედ. ბოლო დროის განმავლობაში რევაზ ადამია პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას არ იღებდა. 2002 წლის 21 ივნისს იგი დაინიშნა საქართველოს ელჩად გაერო-ში. “სივილ ჯორჯიას” კორესპონდენტმა რევაზ ადამიას ინტერვიუ ჩამოართვა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც მას მუშაობა მოუწევს, როგორც ელჩს.

ბატონო რეზო, რა იქნება თქვენი მუშაობის ძირითადი პრიორიტეტები გაერო-ში?

პრიორიტეტები იგივე დარჩება, პირველ რიგში, აფხაზეთის თემა, რომლის გადაწყვეტაშიც გაერო-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. თუმცა, დასამალი არ არის, რომ ქართული საზოგადოება გაერო-საგან მეტს ელის, ვიდრე – დღეს.  ვგულისხმობ იმ დონეს, რომლითაც დღეს არის ჩართული გაერო აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტაში.

ის, რომ გაერო-ს ფუნქცია უფრო გამოკვეთილი არ არის, რამდენიმე მიზეზი აქვს. ძირითადი გახლავთ თავად გაერო-ს გადაწყვეტილების მიღების საკმაოდ ტლანქი მექანიზმი. ორგანიზაციაში არსებობენ სახელმწიფოები, რომელთაც ვეტოს უფლება აქვთ და ხშირად ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება ამის გამო ვერ ხერხდება. უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი წევრი გახლავთ რუსეთი, ჩვენი მეზობელი დიდი ქვეყანა, რომელსაც სრულიად განსაზღვრული ინტერესები აქვს აფხაზეთში, უფრო სწორედ რომ ვთქვათ, არა აფხაზეთში, არამედ – საქართველოში, რათა აფხაზეთის კონფლიქტი გაყინულ მდგომარეობაში დარჩეს. ამას რუსეთი ოფიციალურად არ აღიარებს, თუმცა, განასაკუთრებით გაერო-ს ჩარჩოებში აშკარად ჩანს, როგორ დესტრუქციულ როლს თამაშობს რუსეთი კონფლიქტის დარეგულირებისას. ალბათ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია. თუმცა, შესაძლოა, სხვა მიზეზებიც არსებობდეს.

არის, რა თქმა უნდა, სხვა საკითხებიც, რომელიც გაერო-ში საქართველოსათვის მნიშვნელოვანია, თუნდაც, იგივე საწევროების გადახდის პრობლემა. არსებობს მოსაზრება, რომ საქართველო იმაზე მეტს უნდა იხდიდეს, ვიდრე – დღეს იხდის მისი ტერიტორიის სიდიდისა და მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით. ეს ჩვენი სამუშაოს ცალკე თემა იქნება.

არის ათასი სხვა პროგრამა გაერო-ს სპეციალიზებული ორგანიზაციების ფარგლებში. ჩემთვის ნაკლებად ცნობილია იქ მდგომარეობა. ეს საკითხი გასარკვევი იქნება, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ საქართველო ამ ორგანიზაციების პროგრამებში უფრო აქტიურად იყოს ჩართული. ძირთად პრიორიტეტების შესახებ წინასწარ ეს შემიძლია ვთქვა. შესაძლებელია, შემდგომში კიდევ სხვა საკითხები გამოჩნდეს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება.

უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს კომპეტენციათა გამიჯვნის საკითხი, დოკუმენტი, რომელიც დღემდე დახურულია. თუ არის თქვენთვის ამ დოკუმენტის ძირითადი პრინციპები ცნობილი და როგორია წევრი სახელმწიფოების, პირველყოვლისა, რუსეთის დამოკიდებულება მის მიმართ?

ეს დოკუმენტი ახლაც დახურულია, ვინაიდან არ არის ოფიციალურად მიღებული. მას ე.წ. ბოდენის დოკუმენტს უწოდებენ, ვინაიდან ის, ძირითადად, დიტერ ბოდენის მიერ არის შემუშავებული. მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ძალიან ზოგად ჩარჩოს, რომლის მიხედვითაც, საქართველო არის ერთიანი სახელმწფო და აფხაზეთი არის მისი შემადგენელი ნაწილი, სერიოზული სუვერენიტეტის მქონე, მაგრამ საქართველოს, როგორც ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში მყოფი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. რამდენადაც მე ვიცი, რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნები ამ დოკუმენტს მხარს უჭერენ. რუსეთი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ამ დოკუმენტის მიღებაზე ფეხს ითრევდა. ამჟამად სიტუაცია ისეთია, რომ, თითქოს, რუსეთიც თანახმაა. თუმცა, ამ დოკუმენტისა საბოლოო პრეზენტაცია არ მომხდარა. ვფიქრობ, რომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ეს ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, რომელიც ამ თვის ბოლოს გაიმართება და რომლისთვისაც ჩვენ გვინდა, რომ იქ ვიყოთ, რათა გარკვეული ზეგავლენა მოვახდინოთ.
რაც შეეხება დეტალებს, თუ როგორ ხდება კომპეტენციათა გამიჯვნა – ეს, ალბათ, შემდგომი დოკუმენტების თემაა და მე რამდენადაც ვიცი, ამ დოკუმენტში მსგავსი საკითხები ასახული არ არის.

ამ დოკუმენტის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ თუ რუსეთმა ეს დოკუმენტი მიიღო,  მაშინ ის იძულებული იქნება ამ დოკუმენტის საფუძველზე ააგოს ურთიერთობა, როგორც ჩვენთან, ასევე აფხაზეთის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან. რამდენად მიიღებს აფხაზეთის დღევანდელი ხელისუფლება ამ დოკუმენტს, ძნელი სათქმელია. მე ეჭვი მეპარება, რომ ისინი ამას ტაშით შეხვდნენ. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჯერგენიაც და არძინბაც ყოველთვის იმეორებენ, რომ აფხაზეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და მას არ შეიძლება განსხვავებული სტატუსი ჰქონდეს. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, რომ ამ დოკუმენტის მნიშვნელობა ძალიან სერიოზულია, ვინაიდან ეს არის უკვე ქაღალდზე გადატანილი ძირითადი პრინციპები იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს აფხაზეთი, რა ჩარჩოებში, რა ფარგლებშია ის მოქცეული და, შესაბამისად, ის ქვეყნები, რომლებიც მის პრეზენტაციას გააკეთებენ, საქართველოს მეგობარი ქვეყნები, ჩაითვლებიან ამ პრინციპების მიმდევრებად.

დღესდღეობით, ისეთი ვითარებაა, რომ ბატონი ბოდენი გაერო-ს ახალ წარმომადგენელთან ქალბატონ ტალიავინისთან ერთად გააკეთებს მოხსენებას აფხაზეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამ მოხსენების საფუძველზე უნდა შედგეს შემდეგ კოფი ანანის მოხსენება. გენერალური მდივნის მოხსენება კი დაედება საფუძვლად უშიშროების საბჭოს რეზოლუციას. შესაძლოა, ვითარება შეიცვლაოს. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ არაფერიც არ შეიცვალოს და რუსეთის პოზიცია უცვლელი დარჩეს.

აპირებთ, თუ არა აფხაზეთში მშვიდობისმყოფელთა მანდატის ცვლილების საკითხის დაყენებას? რამდენად იქნება ეს პრიორიტეტი?

მე კიდევ ვამბობ, რომ დოკუმენტი დახურულია, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ეს დოკუმენტი ამ საკითხს არ შეეხება. ეს ცალკე თემაა. თუმცა, იმ საუბრებით, რომელიც მე უკვე მქონდა მეგობარი ქვეყნების ელჩებთან, გაერო-ს წარმომადგენლებთან, მე არ შემექმნა შთაბეჭდილება, რომ გაერო ახლა, ამ თვეში, ივლისში მზად არის იმისათვის, რომ მანდატის ფორმატის შეცვლაზე იმუშავოს, ანდა დსთ-ის სამშვიდობო ოპერაცია გარდაიქმნას მთლიანად გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციად. დამაიმედებელი აქ არის იალტის დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ მხარეები თხოვენ გაერო-სა და ეუთო-ს, მეგობარ ქვეყნებს, რომ ისინი იყვნენ უსაფრთხოების გარანტი. ეს არის, გარკვეულწილად გასარები იმისა, რომ ვიმოძრაოთ ამ მიმართულებით, ანუ მანდატის ფორმატის გაფართოებისაკენ, რათა მანდატი იყოს არა დსთ-ის ეგიდით, არამედ გაერო-ს ეგიდით.

გაერო-ს ჯერჯერობით მხოლოდ დამკვირვებელთა მისია ჰყავს აფხაზეთში. მისი როლის უარყოფა ნამდვილად არ შეიძლება. ეს ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია საერთაშორისო საზოგადოების მოზიდვისა, ჩართვის ამ კონფლიქტის გადაწყვეტაში.
 
თუმცა, კიდევ ვიმეორებ, რომ დღესდღეობით არ შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მზადყოფნა ამ მანდატის შეცვლისა არსებობს. არსებობენ ნამდვილად ქვეყნები, პირველ რიგში, უკრაინა რომლებიც  გამოთქვამენ მზადყოფნას თავად ოპერაციაში ჩართვისა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დსთ-ის მანდატი გაერო-ს მანდატით შეიცვლება. ეს, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი სამუშაო თემა იქნება ნიუ-იორკში და არამარტო ჩვენი წარმომადგენლობის, არამედ მთლიანად სახელმწიფოსი, დიპლომატიური კორპუსის. ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, საერთოდ, როგორ განვითარდება მოვლენები კავკასიაში. ბუნებრივია, რომ ამ ცვლილებას ძალიან შეეწინააღმდეგება რუსეთი, ვინაიდან მათთვის დსთ-ის, ფაქტობრივად, კი რუსეთის სამშვიდობო ძალების ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ისინი დომინანტურ როლს ასრულებენ კონფლიქტის არგადაწყვეტაში. რამდენად იქნება შესაძლებელი ამგვარი დამოკიდებულების შეცვლა, ამას მუშაობა გვიჩვენებს. დღეს ამაზე მეტის პროგნოზირება ძალიან რთულია.

მსგავსი/Related

Back to top button