Placeholder canvas
ახალი ამბები

სერ გარი ჯონსონი საქართველოს თავდაცვის სიტემის რეფორმაზე საუბრობს

უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე სერ გარი ჯონსონი საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობების ინსტიტუტში საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა თბილისის სტრატეგიული და უსაფრთხოების კვლევების ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. დამსწრე აურდიტორიას სერ გარი ჯონსონი ცენტრის დამაარსებელმა რევაზ ადამიამ (პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე) წარუდგინა. სტუმარმა ისაუბრა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის რეფორმის საფუძვლებსა და დეტალებზე. ქვემოთ მოყვანილია ამ შეხვედრის მოკლე მიმოხილვა:

საფუძვლები:

  • ყველაზე დიდი ცვლილება, რომელიც საქართველოში 1998 წლის შემდეგ მოხდა, არის ის, რომ დღეს ქვეყანაში გაცილებით უფრო კარგად ესმით, რა არის საჭირო ნამდივილი უსაფრთხოებისთვის და მომავლისთვის.
  • 1998 წელს, როდესაც პირველად ჩამოვედი აქ, დავინახე, რომ თქვენ მხოლოდ მაშინ იწყებდით ფიქრს იმის თაობაზე, როგორი უნდა განვითარდეთ მომავალში და როგორ უნდა დამყარდეს პირველი კონტაქტები დასავლეთთან. კარგად მახსოვს მაშინდელი დებატები საზოგადოებაში იმის თაობაზე, თუ რომელი მიმართულებით უნდა აეღო ორიენტაცია თქვენს უსაფრთხოებას.
  • მაშინ ბევრი აღნიშნავდა, რომ რუსეთთან გეორგაფიული და ისტორიული სიახლოვის გამო ერთადერთი არჩევანი იყო ამავე პოზიციის შენარჩუნება იყო და ამიტომ, რეფორმები და მოდერნიზებაც არ უნდა დაწყებულიყო.
  • ალბათ დღესაც არის ხალხი, ვისაც ზემოთაღნიშნული პოზიცია მართებულად მიაჩნია. მაგრამ ამავე დროს უკვე საზოგადოდ აღიარებული და გათვითცნობიერებულია ის, რომ საქართველოს მომავალი უსაფრთხოება ვერ იქნება განცალკევებული ევროპისა და აშშ-ს, ანუ ევროატლანტიკური საზოგადოების მომავალი უსაფრთხოებისაგან.

რეფორმებთან დაკავშირებული პრობლემები:

  • მოდერნიზებისა და რეფორმების პროცესი ქართული საზოგადოების ყველა სფეროში დაიწყო. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს პროცესები არ ვითარდება საკმარისად კარგად და სწრაფი ტემპით.
  • ჯერ-ჯერობით არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი ან ზოგადი კონსენსუსი ამ ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის თაობაზე. ერთადერთი [ასეთი] დოკუმენტი გამოქვეყნებულ იქნა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ჩვენ ის ვიხილეთ 2000 წელს სასტუმრო “შერატონში” გამართულ კონფერენციაზე.
  • ამ დოკუმენტში საკმაოდ ნათლად არის აღნიშნული, რომ საქართველოს მომავალი უსაფრთხოება და კეთილდღეობა დამოკიდებულია მის ურთიერთობებსა და კავშირებზე ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან. ჩემს ქვეყანაში ეს სრულიად საკმარისი იქნებოდა. ასეთი დოკუმენტი მიჩნეული იქნებოდა როგორც განცხადება სახელმწიფოს პოლიტიკის შესახებ, განხილულ იქნებოდა პარლამენტში და რადგან მთავრობას პარლამენტში უმრავლესობა გააჩნია, დამტკიცდებოდა კიდეც.
  • საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკა არ იქნა რატიფიცირებული, არ არსებობს დოკუმენტი უსაფრთხოების კონცეფციის შესახებ, რომელზეც დაფუძნდებოდა თქვენი ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკა და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ცვლილებების განხორციელებისკენ უბიძგებდა.
  • გარდაქმნის პროცესმა გაცილებით ადვილად ჩაიარა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში, რადგან მათ შეეძლოთ მკაფიოდ ეთქვათ, რომ მათი მიზანია, პირველ რიგში, ნატოში, ხოლო შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანება. ასეთი რამ საქართველოსთვის არარეალურია მოკლევადიან პერსპექტივაში.
  • ამდენად, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირებისკენ საქართველომ თავისი გზა გაცილებით უფრო ფრთხილად უნდა გაიკვლიოს, ვიდრე ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა სახელმწიფოებმა.

ტენდენციები:

  • ჩემი აზრით არის ორი ძირითადი ტენდენცია.
  • პირველი ტენდენციაა უსაფრთხოების სისტემის რეფორმა. ეს პროცესი დადებითად ვითარდება და იმედი მაქვს, თქვენ უკვე იხილეთ თავდაცვის სამინისტროს ახალი “თეთრი წიგნი”. ეს არის ქართული შეიარაღებული ძალების განვითარების თავდაცვის სამინისტროსეული გეგმა. თქვენ ამ ძალებს არეჩენთ თქვენი გადასახადების მეშვეობით და ამიტომ თქვენ ალბათ განსაკუთრებულად დაინტერესებული უნდა იყოთ ამ საკითხებით.
  • არასამთავრობო ორგანიზაციების როლია საჯარო ინტერესის გაღვივება და სტიმულირება, პარლამენტის როლი კი – საჯარო განხილვების სტიმულირება, საზრიანი, ინფორმაციით უზრუნველყოფილი საჯარო განხილვებისა, რადგან მხოლოდ ამგვარად შეიძლება, რომ მთავრობამ საჯარო მხარდაჭერა მოიპოვოს.
  • ექვს თვეში ანალოგიური დოკუმენტი შეიქმნება შინაგან საქმეთა სამინისრტოსა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტში. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება შეიმუშავებს და გამოაქვეყნებს უსაფრთხოების სფეროში საერთო რეფორმების საკუთარ გეგმას ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით.
  • მეორე ტენდენცია, რომელიც ამ წლების მანძილზე ჩამოყალიბდა, მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს უსაფრთხოება იწყება შიდა პრობლემების გადაწყვეტით. თქვენ გჭირდებათ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და აჭარის პრობლემების პოლიტიკური გზით გადაწყვეტა.
  • ჩვენ ვიცით, რომ რეგიონული თვალსაზრისით, ყველაზე მგრძნობიარე და მძიმედ გადასაწყვეტი ყარაბაღის კონფლიქტია. ჩემი აზრით, რეგიონალური თანამშრომლობა შემდეგი 5-10 წლის განმავლობაში უნდა განვითარდეს არა მხოლოდ ამ საკითხების გადაჭრისათვის, არამედ კავკასიაში უსაფრთხოების კიდევ უფრო ღრმა ინტეგრაციისათვისაც.
  • ჩემი აზრით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა საშუალებას აძლევს ამ ქვეყანას, იყოს ლიდერი რეგიონალურ უსაფრთხოებაში.
  • ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ სამივე სახელმწიფო ერთმანეთს ხვდება საქართველოში და არა სადმე სხვაგან. ამავე დროს, საქართველო უფრო წინ არის წასული მოდერნიზების საკითხებში, ვიდრე დანარჩენი ორი სახელმწიფო.
  • დემოკრატია უკეთაა განვითარებული საქართველოში. თქვენ უკვე დაიწყეთ შიდა პრობლემებზე მუშაობა.
  • რეგიონალური თანამშრომლობა საქართველოდან უნდა დაიწყოს და ჩვენნაირი ხალხი ამას მხარს დაუჭერს.

კითხვები და პასუხები:

რა არის უმთავრესი დაბრკოლება სამხედრო რეფორმაში? ჩვენი ინფორმაციით, თქვენ შეიმუშავეთ რეკომენდაციების ახალი პაკეტი. რითი განსხვავდებიან ისინი ძველი რეკომენდაციებისგან?

ამისი რამდენიმე მიზეზი არსებობს. რეფორმა ყოველთვის მძიმე საქმეა. ადამიანებისთვის ცვლილებების მიღება ყოველთვის რთულია ფსიქოლოგიურად. ეს კი უფრო რთულია ორგანიზაციებისა და ინსტიტუტებისთვის. იოლია იმის თქმა, რა უნდა გაკეთდეს და ჩამოაყალიბო გეგმა, მაგრამ ძნელია მისი განხორციელება. მაგალითისთვის ავიღოთ თავდაცვის სისტემა. ორი-სამი წლის წინ მე და გენერალმა თევზაძემ ვისაუბრეთ და შევთანხდმით იმაზე, თუ როგორ განვითარდება თავდაცვის სისტემა. მაგრამ ნებისმიერ ქვეყანაში ამის განხორციელებას ძალიან დიდი დრო დასჭირდება. ისეთ ქვეყანაში, როგორც საქართველოა, უნდა იყოს ხალხი, რომლებსაც ეცოდინებათ, როგორ უნდა გაკეთდეს ეს, რადგან თქვენ განსხვავებული სისტემა გქონდათ [ადრე]. ასე, რომ ცვლილებების განხორციელებას, განსაკუთრებით უსაფრთხოების სისტემაში, დრო სჭირდება. თქვენ თვითონ უნდა აღზარდოთ ხალხი თავდაცვის სისტემისთვის.

მეორე მიზეზია დაფინანსების ნაკლებობა. რეფორმების განხორციელებას დაფინანსებაც უნდა. არ არის ფული ბარაკების ასაშენებლად და არ არის ფული ახალი აღჭურვილობის შესაძენად. და ეს არ არის არც არმიის და არც პარლამენტის ბრალი. ყველაფერი მოდის ცვლილებებისადმი შინაგანი წინააღმდეგობიდან, გამოცდილების ნაკლებობიდან და სუსტი ეკონომიკიდან. ცვლილებების განსახორციელებლად რესურსები ეკონომიკამ უნდა უზრუნველყოს.

რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, მე ვაპირებ ამ პაკეტის განხილვას ბ-ნ თედო ჯაფარიძესთან ერთად. რეკომენდაციები ჯერ-ჯერობით არ არის მზად. პაკეტი დასრულდება შემოდგომისთვის.

თქვენი აზრით, არის თუ არა საქართველოში საკმარისი პოლიტიკური ნება რეფორმების განსახორციელებლად?

დიახ, მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ნება არის. ყველა მაღალი დონის ოფიციალურ პირს ესმის რეფორმების აუცილებლობა. ჩემი აზრით, საქართველოში პრობელმაა ამ პოლიტიკური ნების გამოხატვის ხერხი. გამოდის პრეზიდენტი ძლიერი სიტყვით? შეუძლია მთავრობას მიიღოს ერთობლივი გადაწყვეტილება ამის თაობაზე? რა არის მთავრობა? მინისტრების ნაკრები სახელმწიფო მინისტრის მეთაურობით თუ უშიშროების ეროვნული საბჭო? რა როლს თამაშობს ამაში პარლამენტი? სად არის საქართველოს მთავრობა, რომ გამოხატოს ეს პოლიტიკური ნება? პრეზიდენტი გამუდებით იმეორებს, რომ ჩვენ უნდა შევუერთდეთ ევროატლანტიკურ საზოგადოებას. ამიტომ უნდა განხორციელდეს რეფორმა. ჩემი აზრით, ამ რეფორმების დეტალებზე პრეზიდენტი არ უნდა მუშაობდეს. ჩემი აზრით, მთავარი პრობლემაა საქართველოს ხელისუფლების სტრუქტურების სუსტი განვითარება, რაც ხელს გიშლით პრობლემის სრულფასოვან გადაჭრაში.

როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს საქართველომ რუსეთთან მიმართებაში, აფხაზეთთან მიმართებაში რუსეთის პოლიტიკის ფონზე?

მე, ალბათ, არ მაქვს საკმარისი კვალიფიკაცია დეტალებზე სასაუბროდ. მაგრამ მაინც შევეხები რუსეთთან ურთიერთობებს. რუსეთი არის იქ, სადაც არის და იქვე დარჩება. რუსეთსა და საქართველოს შორის რეალური ურთიერთობები უნდა იყოს. ჩემი აზრით რუსეთს საფუძვლიანი ინტერესი აქვს სამხრეთ კავკასიის უსაფრთოხების საკითხებში, რადგან აქვს ერთიანი საზღვარი ამ რეგიონთან. ანალოგიურად, ჩემ ქვეყანას ასეთივე ინტერესი გააჩნია, მაგალითად, საფრანგეთის მიმართ. მაგრამ რუსეთი უფრო ზრდასრული უნდა გახდეს სამხერთ კავკასიასთან ურთიერთობებში. ჩემი აზრით, რუსეთი პოსტიმპერიული ჭრილობების მოშუშების პროცესშია. საქართველო კი ახალი დამოუკიდებლობის შენების ტკივილებს განიცდის. და ხანდახან საქართველოც არ იქცევა უკეთესად, როდესაც პასუხობს რუსეთის ნეგატიურ ქმედებებს. ალბათ, როდესაც დათვის გვერდით ცხოვრობ და ზომით პატარა ძაღლზე დიდი არა ხარ, მაინც და მაინც. ხშირად არ უნდა უკბინო ამ დათვს. უნდა შეიქმნას საფუძველი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთგაგების ჩამოსაყალიბებლად, რათა მათ სრულფასოვანი ურთიერთობების განვითარება შეძლონ.

თბილისის სტრატეგიული და უსაფრთხოების კვლევების ცენტრი არის ანალიტიკური ორგანიზაცია, რომლის მიზანია სტრატეგიული და უსაფრთხოების საკითხების გამჭირვალობა. ცენტრის უმთავრესი საქმიანობა იქნება “მრგავლი მაგიდების” მოწყობა იმ ექპსერტებისა და ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ. ცენტრის დამფუძნებლები არიან: საქართველოს ატლანტიკური საბჭო, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდი, საქართველოს გაეროს ასოციაცია, საქართველოს საზოგადოებრივი ურთიერთობების ინსტიტუტი, სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობათა ცენტრი და კერძო პირები, მათ შორის, დოქტორი რევაზ ადამია, რომელიც ამავე დროს ცენტრის საბჭოს თავმჯდომარეცაა.

მსგავსი/Related

Back to top button