ახალი ამბები

თურქულ-სომხური ურთიერთობები არ უმჯობესდება

24 ივნისს შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ბოლო სამიტი თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების მკვეთრი გაუმჯობესების იმედით დაიწყო. მართალია, შეხვედრამ მანამდე არსებული მოლოდინები ვერ გაამართლა, მაგრამ ექსპერტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ორმხრივ ურთიერთობებში პროგრესი მაინც შეიმჩნევა. ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის საზღვრის გახსნის თაობაზეც. თუმცა, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების რეალური მოგვარება ნაკლებად არის მოსალოდნელი სომხეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე.

უკანასკნელ ხანებში თურქეთის დიპლომატია სომხეთის მიმართ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. რამდენიმე თვის წინ, რეიკიავიკში გამართულ ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტამდე თურქეთის ხელმძღვანელობა დიდ იმედს გამოთქვამდა, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის საზღვარი გაიხსნებოდა. თუმცა, თურქული მხარის მიერ წაყენებული პირობები (წინა სტატიის ლინკი) მაშინ სომხური მხარისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. რამდენიმე დღის უკან ჩატარებულ შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტამდე ანალოგიური მოსაზრებები გამოითქვა.

სტამბულის სამიტამდე ანკარასა და ერევანს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მოსამზადებლად, ერევანს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი ერთან თეზგორი ეწვია, რომელსაც სომეხ კოლეგებთან ჰქონდა შეხვედრა.

ანკარასა და ერევანს შორის ურთიერთობების ინტენსიფიცირება რეგიონში ამერიკის გაზრდილ როლს უკავშირდება. სწორედ ვაშინგტონის ზეწოლის შედეგია მოკონფლიქტე მხარეების პოზიციების გარეგნული შერბილება. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვარდან ოსკანიანის თქმით, ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციაში ‘პოზიტიური ცვლილებები’ შეიმჩნევა. მისი მტკიცებით, ანკარა ახლა მზად არის ‘უფრო დაბალანსებული’ პოლიტიკის გასატარებლად სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ. მან თქვა, რომ ამგვარი პოლიტიკის გაღრმავების შემთხვევაში თურქეთს ‘კონსტრუქციული და პოზიტიური როლის’ შესრულება შეუძლია რეგიონში.

თავის მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისმაელ ჯემმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის საკუთარი პოზიტიური წვლილი შეიტანოს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში.

რეალურად, თურქეთი მოწადინებულია სომხეთთან ურთიერთობების დარეგულირებით, რაც მას საშუალებას მისცემს რეგიონში უფრო აქტიური პოლიტიკა გაატაროს. თუმცა, ანკარას შეშფოთებას იწვევს გენოციდის აღიარების მსოფლიო კამპანია და ტერიტორიული პრეტენზიები სომხეთის მხრიდან. ამავდროულად, გასათვალისწინებელია აგრეთვე უახლოესი მოკავშირის აზერბაიჯანის პოზიციაც, რომელიც ყარაბაღის საკითხში დათმობების გარეშე სომხეთის მიმართ პოლიტიკის ნებისმიერი სახით შემსუბუქებას ეწინააღმდეგება.

სომხური მხარეც დიდი ხანია დაჟინებით მოითხოვს ყარაბაღის კონფლიქტისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საკითხის გამიჯვნას. ‘ორმხრივი ურთიერთობები სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მძევლად არ უნდა იქცეს… ჩვენ არ მოვითხოვთ თურქეთისაგან წინაპირობად გენოციდის აღიარებას, სომხეთს სურს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ყოველგვარი წინაპირობის გარეშე’, ხაზგასმით აღნიშნა ოსკანიანმა თურქეთის ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა ფონდის მიერ მოწყობილ შეხვედრაზე. მოვლენების ამგვარი განვითარება აშკარად პასუხობს სომხეთის ეროვნულ ინტერესებს, რადგან თურქეთთან საზღვრის გახსნა ერევანს ეკონომიკურ წნეხს შეუმსუბუქებს და გარესამყაროსთან სავაჭრო ურთიერთობებს მნიშვნელოვნად გაუიოლებს.

თურქეთ-საქართველოს საზღვარზე ახალი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა სწორედ სომხეთსა და თურქეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების წახალისებას ისახავს მიზნად. აკტასის ახალი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ერთმანეთთან თურქეთის პროვინცია არდაგანსა და ძირითადად სომხური წარმოშობის მოსახლეობით დასახლებულ რეგიონს საქართველოში – ჯავახეთს დააკავშირებს. დღემდე მოქმედი ორი სასაზღვრო პუნქტისაგან (სარფი შავი ზღვის სანაპიროსთან და მეორე ახალციხესთან ასევე ჯავახეთში) განსახვავებით, ახალი პუნქტი სომხეთის საზღვართან გაცილებით ახლოს იქნება და რეალურად თურქეთსა და სომხეთს შორის არაოფიციალური ვაჭრობის გაზრდას შეუწყობს ხელს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აკტასის სასაზღვრო პუნქტის გახსნა სწორედ თურქეთ-სომხეთს შორის ურთიერთობის დარეგულირების მცდელობა უფრო არის, ვიდრე თურქეთსა და საქართველოს შორის გაზრდილი ტვირთბრუნვის მაჩვენებელი. 

ექსპერტების აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს თავად სომხეთში მიმდინარე პროცესებს. მოახლოებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე ოპოზიცია ერთიანდება და კოჩარიანის გადადგომას ითხოვს. ფაქტობრივად, პრეზდენტმა დიდი ძალისხმევის ფასად მოახერხა პარლამენტში საიმპიჩმენტო პროცედურის საშემოდგომო სესიამდე გადავადება.

ამავდროულად, გახშირდა საუბარი პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრ სერჟ სარკისიანს შორის გაფუჭებულ ურთიერთობებზე. ამგვარ ვითარებაში ნებისმიერი სახის დათმობა პრეზიდენტის მხრიდან ყარაბაღის საკითხში ოპოზიციის მხრიდან ღალატად მოინათლება და მას ტერ-პეტროსიანის ბედის გაზიარება მოუწევს, რომელიც ყარაბაღის საკითხში გარკვეულ დათმობებზე წასვლას შეეცადა და საბოლოოდ გადადგომა მოუწია.

ბევრი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა კოჩარიანისათვის შიდაპოლიტიკური დასაყრდენის გამოცლა სცადა ე.წ. პარიზის პრინციპების გამჟღავნებით.  პარიზში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ჰეიდარ ალიევმა განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ლაჩინისა და მეღრის რაიონების გაცვლაზე ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ფარგლებში. ჟურნალისტებთან საუბრისას, კოჩარიანმმა განაცხადა, რომ არცერთ შემთხვევაში არ დათანხმდება სომხეთის ტერიტორიის აზერბაიჯანისათვის დათმობაზე. ‘ჩვენ ვისაუბრეთ მხოლოდ სუვერენულ (ლაჩინის) კორიდორზე სომხეთსა და ყარაბაღს შორის. რაც შეეხება მეღრის, ჩვენ განვიხილეთ მხოლოდ საგზაო მისასვლელი’, რათა აზერბაიჯანსა და ნახიჭევანს შორის შეუზღუდავი ურთიერთობა უზრუნველვყოთ.

ამდენად, სომხეთის ხელისუფლება თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობისას სიფრთხილეს იჩენს, რათა შეინარჩუნოს მყიფე ბალანსი პრაგმატულ საგარეოპოლიტიკურ მიზნებსა და შიდაპოლიტიკურ კლიმატს შორის. სტამბულში შეხვედრის შემდეგ ოსკანიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არავის უნდა ჰქონდეს ორმხრივი ურთიერთობების სწრაფად გამოსწორების ილუზია. ამ გზაზე ‘უამრავი დაბრკოლება ისევ არსებობს’, დასძინა მან.


ნათელია, რომ სანამ სომხეთსა და აზერბაიჯანში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება, არცერთი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა მკვეთრად არ შეიცვლება. თუმცა, ჩანს რომ სომხური დიპლომატია ახალი რეგიონული პოლიტიკის გასატარებლად ნიადაგს ამზადებს. ხოლო სანამ ცვლილებები მოხდება, მხარეები, სავარაუდოდ, ერთმანეთთან ურთიერთობების განვითარებას საქართველოს მეშვეობით შეეცდებიან.

რევაზ ბახტაძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button