ახალი ამბები

რუსულმა ჯარმა კოდორი დატოვა

რუსი სამხედროების უკანასკნელმა ვერტმფრენმა კოდორის ხოება 14 აპრილს, დილის 10 საათზე დატოვა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მირიან კიკნაძის განცხადებით, კოდორის ხეობიდან რუსები ინციდენტების გარეშე გავიდნენ.

13 აპრილს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ კოდორში შექმნილი ვითარების მშვიდობიანად დასასრულება დადებითად შეაფასა. პარლამენტის წევრთა აზრით, კოდორის ხეობიდან რუსი სამშვიდობოების გასვლა საქართველოს წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს.

რუსი ჯარისკაცები კოდორიდან საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის 13 მარტს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გავიდნენ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრთა თქმით, ამ საუბარმა პრობლემის გადაწყვეტაზე დადებითად იმოქმედა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ კოდორში რუსი ჯარისკაცების გამოჩენამ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა არ უნდა გაამწვავოს.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დსთ-ის ეგიდით განლაგებული რუსული სამშვიდობო ძალების 78 ჯარისკაცი 12 აპრილს კოდორის ხეობაში განლაგდა.

სამშვიდობო ძალების სარდლის გენერალ-მაიორ ევტეევის განმარტებით, კოდორში ჯარისკაცების განლაგება ხეობაში სამშვიდობო ძალების ბლოკ-პოსტის აღდგენას ითვალისწინებდა. მისი თქმით, სამშვიდობოებს უნდა გაეკონტროლირებინათ, თუ როგორ სრულდებოდა 2 აპრილს ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ხელმოწერილი პროტოკოლი, რომლის თანახმადაც, ქართულ მხარეს რეგულარული ჯარები ხეობიდან 10 აპრილამდე უნდა გაეყვანა.

საქართველოს ხელისუფლებამ კოდორის ხეობაში რუსების გამოჩენა სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიად აღიქვა.

“დსთ-ს სამშვიდობოებმა ამ ბლოკ-პოსტის განახლება აგრესიული და თვითნებური ფორმით გადაწყვიტეს, რაც სამშვიდობო ძალების ნორმებს სცილდება. ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ იმ გავლენის გამო, რაც ამ ოპერაციას გაეროს ზედამხედველობით წარმართულ სამშვიდობო პროცესზე ჰქონდა და ვგმობთ ამ აქციის ჩატარების ფორმას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოში გაეროს მისიამ გაავრცელა.

კოდორის ხეობა ერთადერთი ადგილია აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელზეც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება. აფხაზეთის დეფაქტო მთავრობა ირწმუნება, რომ ქართულმა მხარემ შეიძლება ხეობა მის წინააღმდეგ იერიშის მისატანად გამოიყენოს. ამ სახის განცხადებებმა განსაკუთრებით მას შემდეგ იმატა, რაც ცნობილი გახდა აშშ-ის სამხედრო გეგმების შესახებ საქართველოში.

სწორედ ამიტომ მოითხოვდა დაჟინებით ორივე მხარე – აფხაზური და რუსული, რომ საქართველოს რეგულარული ჯარები გაეყვანა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ხეობიდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 11 აპრილს განაცხადა, რომ 2 აპრილს ხელმოწერილი პროტოკოლი შესრულდა – საქართველოს რეგულარულმა არმიამ კოდორის ხეობა დატოვა.

თვითგამოცხადებული აფხაზეთი და რუსი სამშვიდობოები კი, მეორეს მხრივ, ირწმუნებოდნენ, რომ პროტოკოლით დაკისრებული ვალდებულებები საქართველოს არ შეუსრულებია. დსთ-ის სამშვიდობო ძალების სარდლის გენერალ-მაიორ ევტეევის მიერ 13 აპრილს გაკეთებული განცხადებით, რუსი სამშვიდობოების კოდორში ყოფნისას დადასტურდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები ხეობაში კვლავ იმყოფებიან.

14 აპრილს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მირიან კიკნაძემ ეს განცხადება უარყო და აღნიშნა, რომ კოდორის ხეობაში, მხოლოდ და მხოლოდ, საქართველოს სასაზღვრო ძალები იმყოფება და მხოლოდ მესაზGვრეები იცავენ ხეობის ქართველ მოსახლეობას. ეს ძალები კი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არ შედის.

მიუხედავად იმისა, რომ კოდორის გარშემო ვითარება თითქოს განიმუხტა, ხეობა კვლავ ცხელ წერტილად რჩება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი დარწმუნებულია, რომ კოდორის ხეობიდან რუსული ჯარის გასვლის მიუხედავად, ვითარების დაძაბვა და მორიგი პროვოკაციები კვლავ მოსალოდნელია.

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

თემის გაგრძელება:
ქართული ჯარები კოდორს ტოვებენ

მსგავსი/Related

Back to top button