ახალი ამბები

პარლამენტის საგანგებო სესიის მიმოხილვა. 4 აპრილი. 2002

4 აპრილი, ხუთშაბათი

 საქართველოს ორგანული კანონის პროექტი “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი “საქართველოს ორგანულ კანონში “საქრთველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

სხდომის დასაწყისში ფრაქცია “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” ლიდერის ირაკლი გოგავას და სხვა პოლიტიკური ძალების მხრიდანაც საარჩევნო თემის პერსონალური ბრალდებების რელსებზე გადაყვანის მცდელობას ჰქონდა ადგილი. პარლამენტის თავჯდომარემ ღიად განაცხადა, რომ ის სხდომის დასაწყისშივე ელოდა პროვოკაციებს და მოუწოდა პარლამენტს დაეწყო კანონების კონსტრუქციული განხილვა.

საარჩევნო კოდექსსა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის თავჯდომარემ გიგი წერეთელმა წარმოადგინა შეთანხმებული ვარიანტი. მან მადლობა მოახსენა აშშ-ს საელჩოს, აშშ-ს ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს, აშშ-ს რესპუბლიკურ ინსტიტუტს, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდს გაწეული დახმარებისათვის.

ინტერფრაქციულმა ჯგუფმა თვითმმართველობის საკითხის სამ პრინციპზე მიაღწია შეთანხმებას:

1. ადგილობრივი თვითთმათველობის არჩევნების ჩატარების აუცილებლობა2002 წლის ივნისში;

2. I დონეზე (თემი, სოფელი, დაბა, ქალაქი) და II დონეზე (რაიონული)- საკრებულოები პროპორციული წესით ირჩევა; დიდ ქალაქებთან მიმართებაში ასევე პროპორციული წესი მოქმედებს;

3. არჩეული საკრებულო ირჩევს გამგებელს. მომავალი შეთანხმების საგანი რჩება არჩეულ გამგებლებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის ურთიერთმიმართების დარეგულირება.

ფრაქციათა უმრავლესობას შორის მიღწეული შეთანხმებისაგან არსებითად განსხვავდება პრეზიდენტის ვარიანტი, რომელიც გამგებლების არჩეული საკრებულოდან დანიშვნას გულისხმობს.

საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ინტერფრაქციულმა ჯგუფმა მიაღწია შეთანხმებას საარჩევნო ადმინისტრაციების პარიტეტის პრინციპით დაკომპლექტებაზე. კერძოდ, საარჩევნო კომისიას დააკომპლექტებს ბოლო ორი არჩევნების შედეგებით 4% გადალახული პარტიები. ალტერნატივის სახით დგას საკითხი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცსკ) პრეზიდენტისა და ავტონომიური ერთეულების სპეციალური წარმომადგენლების შესახებ.

ფრაქცია “აღორძინებამ” მოითხოვა ცსკ-აში ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენელის საკითხი კანონის მთლიან კონტექსტში ჩამჯდარიყო.

დედაქალაქის საკითხი მისი სპეციფიურობიდან გამომდინარე კვლავ ღიად რჩება. ფრაქცია “XXI საუკუნემ” დასვა საკითხი თბილისში რაიონების მიხედვით საკრებულოების არჩევის შესახებ. მათი არგუმენტი ეფუძნება ლოგიკას, რომ თბილისის თითოეულ რაიონში მოსახლეობის რაოდებობა გაცილებით ჭარბია, ვიდრე რომელიმე სხვა რაიონულ ცენტრში.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დეტალურად წარმოადგინა პარლამენტის წევრმა ვახტანგ ხმალაძემ. მან აღნიშნა, რომ თუ დროულად არ მოხდება ამ და სხვა საკითხებზე ცვლილებების მიღება, არჩევნების ჩატარების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კოდექსის იმ ნაწილს, რომელიც ადგილობრივი არჩევნების საკითხს არეგულირებს და დღესდღეობით საკმაოდ ხარვეზიანია.

ხმალაძემ ცსკ-აში პრეზიდენტისა და ავტონომიების წარმომადგენების საწინააღმდეგო არგუმენტი მოიყვანა და აღნიშნა, რომ მათი შეხედულებები შეიძლება დაემთხვეს რომელიმე პარტიის აზრს და პარიტეტის პრინციპი დაირღვეს.

ფრაქცია “სოციალისტის” მოთხოვნით სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ცსკ-ას მოქმედი თავჯდომარე ჯუმბერ ლომინაძე, რომელმაც კომისიაში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე ისაუბრა. ცსკ-ას თავჯდომარისა და განსაკუთრებით მისი მოადგილის ზესაშვილის საქმიანობა მკაცრად გააკრიტიკა ფრაქცია “XXI საუკუნის” თავჯდომარემ ვახტანგ ბოჭორიშვილმა.

ფრაქციათა ლიდერებმა გამოთქვეს პოზიციები კანონპროექტებთან დაკავშირებით.

პარლამენტის თავჯდომარე დაჟინებით ითხოვდა კენჭისყრის ჩატარებას. ამ პროცედურის განხორციელება ქვორუმის არ ქონის გამო ვერ მოხერხდა. 

მსგავსი/Related

Back to top button