
პარლამენტის ბიუროს სხდომის მიმოხილვა. 4 ოქტომბერი. 2001
3 ოქტომბერს პარლამენტის ბიურომ 9-12 ოქტომბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი დაამტკიცა. მათ შორის, საკითხი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობის არჩევის შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დამატებით შეხვედრას გამართავს, რათა დროულად მოხდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება.
ბიურომ პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანა იმ ოთხი მაჟორიტარი პარლამენტარის საკითხი, რომელთა თაობაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. ამ საკითხთან დაკავშირებით ბიუროს წევრებს იურიდიული და საპროცედურო კომიტეტების დასკვნები დაურიგდათ. იურიდიული კომიტეტის დასკვნის მიხედვით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი არ შეიძლება გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება რომელიმე საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. დასკვნის მიხედვით, საბოლოო გადაწყვეტილება 4 დეპუტატის პარლამენტში ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს. ანალოგიური შინაარსისაა პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის დასკვნაც.
ბიუროს სხდომაზე ასევე დარიგდა საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეკონომიკური რეფორმების საკითხებში თემურ ბასილიას წერილი, რომელიც საქართველოს მიერ საერთაშორისო სავალუტო ფინდისადმი აღებული ვალდებულებების დროულ შესრულებას შეეხება.
სხდომაზე ასევე განიხილეს ფრაქცია `მოქალაქეთა კავშირის~ განცხადება ფრაქციის წევრის, როსტომ დოლიძის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენის შესახებ.