ახალი ამბები

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თითქმის ერთხმად გადაიდო

“დილის გაზეთი”, “რეზონანსი”

გუშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნები ერთი წლით, 2002 წლის 20 ოქტომბრისთვის გადადო. “მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების გადადების ოფიციალურ მიზეზად შესაბამისი თანხების არარსებობა გამოცხადდა, ფაქტია, გადაწყვეტილება, უპირველესად, პოლიტიკური მოტივით მიიღეს”, წერს “დილის გაზეთი”. მისი აზრით, ადგილობირივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება არც ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესში არ შედიოდა, სწორედ ამიტომაც მისი გადადების საკითხი თითქმის არავის გაუპროტესტებია. 

“რეალურად, ვისაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება 4 ნოემბერს, როგორც ეს ადრე იყო გათვალისწინებული, შესაძლებლად მიაჩნია, პრეზიდენტი შევარდნაძე და საპარლამენტო ფრაქცია “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” დეპუტაციაა”, წერს “რეზონანსი”. ფრაქციის წევრის ვახტანგ ხმალაძის მტკიცებით, არც მოქალაქეთა კავშირს და არც ბლოკ აღორძინებას არ აწყობს ადგილობივი არჩევნების ახლა ჩატარება.

მოქალაქეთა კავშირისთვის ამის მიზეზი ფრაქციის შიგნით შექმნილი მდგომარეობაა (მოქალაქეთა კავშირი დაშლის პირასაა). ოპოზიციის მტკიცებით, არჩევნები უნდა გადაიდოს იმიტომ, რომ გვიანდება კანდიდატების წარდგენის ვადა, გარკვეული არ არის მაჟორიტარული წესით უნდა ჩატარდეს არჩევნები თუ პროპორციულით. პრობლემატურია საარჩევნო კომისიების დაფინანსების საკითხი. ასევე მტკივნეულ საკითხად რჩება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, წერს “რეზონანსი”.

გაზეთის წყაროს ცნობით კი, ბლოკი აღორძინება ადგილობირივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შევარდნაძის პოზიციას დაიკავებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხისაგან განსხვავებით “საკმაოდ სკანდალური და ხმაურიანი აღმოჩნდა ვაკის და ბაღდადის მაჟორიტარული არჩევნების გადადების საკითხის განხილვა… მათი გადადების ინიციატორი, არც მეტი არც ნაკლები, თვით ჯუმბერ ლომინაძე (ცსკ-ის თავმჯდომარე) იყო”, წერს “დილის გაზეთი”. მისი ინფორმაციით, ვაშინგტონში გაფრენამდე შევარდნაძესა და ჯუმბერ ლომინაძეს შორის საკმაოდ მწვავე საუბარი შედგა. პრეზიდენტმა კატეგორიულად განუცხადა ცსკ-ის თავმჯდომარეს, რომ ის არჩევნების გადადების დადგენილებას არც ერთ შემთხვევაში არ მოაწერს ხელს. “დილის გაზეთს” მიაჩნია, რომ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაჟორიტარული არჩევნები არ გადაიდება და 21 ოქტომბერს ჩატარდება. 

Back to top button