ახალი ამბები

პარლამენტში მყარი უმრავლესობა აღარ იარსებებს

“დილის გაზეთი”, “ალია”, “ახალი თაობა”

გუშინ პრეზიდენტმა შევარდნაძემ ოფიციალურად განაცხადა, რომ იგი ტოვებს მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის პოსტს. “ვერ ვიტყვით, თითქოს ეს ნაბიჯი მოულოდნელი იყო – იგი დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა”, წერს “დილის გაზეთი”; “ის “ხიდი” (პრეზიდენტის ორმხრივი პასუხისმგებლობა პარლამემტსა და აღმასრულებელ ხელიფლებაში), მთლიანობაში სისტემას ნორმალური ფუნქციონირების საშუალებას არ აძლევდა”. პრეზიდენტის გამიჯვნა მის მიერვე დაარსებული პარტიიდან ნიშნავს მის გამიჯვნას მთლიანად პარლამენტისგან, რაც, გაზეთის აზრით, სავსებით ნორმალური მოვლენაა. “ამ გადაწყვეტილებას ჟვანიამ ქართულ პოლიტიკაში ახალი რეალობა უწოდა”, წერს “ალია”.

“შევარდნაძემ მოქკავშირს რევანში აუღო. მან პირწმინდად შეაწმინდა თავის ყოფილ პარტიას ხელები და მთელი ის პასუხისმგებლობა, რასაც აქამდე გარკვეულწილად თავადაც უხალისოდ იზიარებდა”, წერს “ახალი თაობა” და აშკარაა, რომ შევარდნძის გადაწყვეტილების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. 

“ალია” ცდილობს მკითხველს შესთავაზოს ვერსიები შევარდნაძის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. პირველი ვერსიის თანახმად, გამორიცხული არ არის, შევარდნაძეს საკითხი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან შეეთანხმებინა, რასაც კატეგრიულად უარყოფენ მოქალაქეთა კავშირის ლიდერები. ასევე შესაძლოა, შევარდნაძეს ეს თანამდებობა ზურაბ ჟვანიას გამოწვევის და სააკაშვილის სითამამის გამო დაეტოვებინა. მესამე ვერსია პრეზიდენტის პარლამენტის თავმჯდომარესთან გარიგებას არ გამორიცხავს. “ჟვანიას პრეზიდენტის გადადგომა აწყობს კიდეც იმის გამო, რომ ის ახლიდან შექმნის პარტიას და მას საკუთარი შეხედულებების მიხედვით ააწყობს”, წერს გაზეთი. მის მიერ შემოთავაზებული მეოთხე ვერსიის თანახმად, პრეზიდენტმა ამ ნაბიჯით უკანა პლანზე გადაინაცვლა.

“ალია” ასევე საუბრობს იმ უარყოფით მხარეებზე, რომელიც შესაძლოა პრეზიდენტის მმართველი პარტიიდან წასვლას მოჰყვეს: პარლამენტში ძალთა განლაგება არამხოლოდ დაიშლება, აიჭრება კიდეც. მივიღებთ თითქმის ისეთივე პარლამენტს, რომელიც 1992-95 წლებში იყო.

“დილის გაზეთი” ცდილობს პროგნოზირება გაუკეთოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების შედეგებს: პრეზიდენტი, ალბათ, თანაბარ დისტანციას დაიკავებს ყველა საპარლამენტო ფრაქციის მიმართ. არ ეყოლება არც ერთი ფავორიტი, თუმცა ბევრს გაუჩნდება ილუზია, თითქოს სწორედ ისინი არიან ფავორიტები. პარლამენტში არანაირი მყარი უმრავლესობა აღარ იარსებებს და იქნება ხელისუფლების დაყოფის “ნამდვილი ამერიკული მოდელი”.

“ზურაბ ჟვანიას პოლიტიკურ მოღვაწეობაში ახალი პერიოდი იწყება… თუ ჟვანია ემოციებს არ აჰყვა და უხეში შეცდომები არ დაუშვა, იგი თავს მრავალი თვალსაზრისით შეინარჩუნებს… უმძიმესი, მომაკვდინებელი შეცდომა იქნება, თუ ჟვანია თავის “გუნდთან” ერთად გავა მოქალაქეთა კავშირიდან. პირიქით, ჟვანიას მხრივ ყველაზე მიზანშეწონილი იქნებოდა შეენარჩუნებინა პარტია, მისი სახელწოდებით, იურიდიული სტატუსით და ასე შემდეგ”, მიაჩნია “დილის გაზეთს”.

მსგავსი/Related

Back to top button