Placeholder canvas
ახალი ამბები

სამინისტროების კვირის მუშაობის მიმოხილვა. 8 – 15 სექტემბერი, 2001.

იუსტიციის სამინისტრო

15 სექტემბერს, იუსტიციის მინისტრის მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ ბინაში უცნობი პირები შეიჭრნენ. სახლიდან არაფერია წაღებული, თუმცა როგორც სამართალდამცველებმა დაადგინეს, დამნაშავეებმა კომპიუტერის ფაილები შეამოწმეს. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, სავარაუდოდ ისინი გარკვეულ ინფორმაციას ეძებდნან, თუმცა კომპიუტერში არანაირი მნიშვნელოვანი ფაილები არ ინხებოდა.

ბინის გატეხვის თაობაზე პირველმა მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვმა შეიტყო. საღამოს სახლში დაბრუნებულმა ბინის კარები ვეღარ გააღო, რადგან შიგნიდან ურდულით იყო ჩაკეტილი, რის შემდეგაც მან იუსტიციის სამინისტროს დაცვის თანამშრომლებს შეატყობინა. თავად იუსტიციის მინისტრი ამ დროს საბერძნეთში, ევროპის საბჭოს ექსპერტთა შეხვედრაზე იმყოფებოდა. მომხდარის გამო, იგი იძულებული გახდა საბერძნეთში ვიზიტი ვადაზე ადრე შეეწყვიტა.

* * *

11 სექეტმბერს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ოქრუაშვილმა, თანამდებობის დატოვების შესახემ განცხადება დაწერა. ეს გადაწყვეტილება ოქრუაშვილმა ხელისუფლებისადმი პროტესტით ახსნა. კერძოდ კი იგი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო კანცელარიის მუშაობით არის უკმაყოფილო.

ოქრუაშვილის მიერ განცხადების დაწერის დღეს, იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი ბულგარეთში იმყოფებოდა, სადაც კორუფციის თემაზე საერთაშორისო კონფერენციაზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო. ჯერ კიდევ ბულგარეთიდან, ტელეფონის მეშვეობით, სააკაშვილმა შეატრყობინა ოქრუაშვილს, რომ მის განცხადებას პოსტიდან წასვლის შესახებ არ დააკმაყოფილებდა.

13 სექტემბერს, იუსტიციის მინისტრის სოფიადან დაბრუნების შემდეგ, საბოლოოდ გაირკვა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი მინისტრის პოსტზე მუშაობას გააგრძელებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გასულ კვირას, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ამოქმედება გახდა საჭირო. ამის მიზეზი 15 სექტემბერს, წალკის რაიონში ბერძენ და სვან მოსახლეობას შორის მომხდარი ინცინდენტი გახდა, რის შედეგადაც დაიღუპა ორი და დაიჭრა ერთი ადამიანი. დაპირისპირება საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა. ერთი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან არის მოკლული, მეორე კი ცივი იარაღის მეშვეობით. წალკის რაიონში შინაგანი ჯარების ასკაციანი დანაყოფი იქნა შეყვანილი.

* * *

15 სექტემბერს ესპანურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შარშან საქართველოში გატაცებული ორი ესპანელი ბიზნესმენიდან ერთ-ერთის ნათესავებმა გამოსასყიდი გადაიხადეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

გაზეთ “ელ მუნდოს” ცნობით, ერთ-ერთი ბიზნესმენის ძმამ პანკისის ხეობის სოფელ დუისში გამტაცებლებს გამისასყიდის ნაწილი გადასცა. თანხას არ აკონკრეტებენ. სანამ ოჯახის წევრები გამოსასყიდის დარჩენილ თანხას არ მიიტანენ მძევალს არ გაანთავისუფლებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამტაცებლებისთვის გამოსასყიდის სახით თანხის გადახდის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან. 

სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო

გასულ კვირას, უშიშროების სამინისტროს ორმა თანამშრომელმა, უწყებაში არსებული კორუფციის შესახებ ხმამაღლა განაცხადეს. გოგი ჯაბაურიმა და სერგო ჯანგველაძემ უშიშროების მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძე და მისი მოადგილეები კორუფციასა და კონტრაბანდასთან კავშირში ამხილეს.

ამასთან, მათი უკმაყოფილება მინისტრის მიერ ორიოდე თვის წინ გამოცემულმა ბრძანებულებამ გამოიწვია. ამ ბრძანებულების მიხედვით, უშიშროების არც ერთ თანამშრომელს, ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე ჟურნალისტთან ურთიერთობის უფლება არ აქვს. ჯაბაური და ჯანგველაძე ამ დოკუმენტს არაკონსტიტუციურს უწოდებენ, რომელიც მათი აზრით, ეწინააღმდეგება აზრის თავისუფლებას, ადამიანის უფლებათა დეკლარაციას და ევროპის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციას.

აღსანიშნავია, რომ უშიშროების აღნიშნული თანამშრომლები, სამინისტროს ხელმძღვანელობისადმი უკმაყოფილების  გამოხატვის შემდეგ ჩამოაქვეითეს და ოპერმუშაკებად გადაიყვანეს. უშიშროების სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ჯაბაურისა და ჯანგველაძის ჩამოქვეითება მათ არასახარბიელო დისციპლინას უკავშირდება. თუმცა, ჯაბაური და ჯანგველაძე ამ ფაქტს მათ მიერ მინისტრისა და მისი მოადგილეების უკანონო ქმედებებში დადანაშაულებას უკავშირებენ.  

თავდაცვის სამინისტრო

გასულ კვირას, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლა მზადყოფნაში მოიყვანა. ეს ა.შ.შ.-ში მომხდარ ტრაგედიას უკავშირდებოდა. ამასთან ერთად თავდაცვის სამინისტრომ ა.შ.შ.-ს, საჭიროების შემთხვევაში დახმარებაც შესთავაზა. როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ ა.შ.შ.-მა საქართველოს სამხედრო ბაზების გამოყენების თხოვნით მიმართა თბილისი ამაზეც უნდა წავიდეს და ამერიკას ბაზები დაუთმოს. თუმცა ასეთ წინადადებას ადგილი არ ჰქონია.

* * *

გასულ კვირას, საქართველოს შეიარაღებულ ძალები იროკეზის ტიპის 10 ვერტფრენით შეივსო. 12 სექტემბერს, ა.შ.შ.-მა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 15 მილიონი დოლარის ღირებულების ვერტფრენები გადასცა.

ამასთან დაკავშირებით რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა აღნიშნული ვერტფრენების ტექნიკურ საიმედობას. საინფორმაციო სააგენტო იტარ-რასის ცნობით ა.შ.შ.-ს პრაქტიკაში აქვს დანერგილი გამოუსადეგარი სამხედრო ტექნიკის განვითარებადი სახელმწიფოებისთვის ჩუქება. “ამ სახის ტექნიკის გარემონტება სახელმწიფოებს ძალიან ძვირი უჯდებათ და ტექნიკას ვეღარ იყენებენ”, ნათქვამია იტარ-ტასის ინფორმაციაში.

თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარემ გიორგი ბარამიძემ ეს ინფორმაცია ურყო და განაცხადა, რომ გამორიცხულია ა.შ.შ.-მა საქართველოს უვარგისი ვერტფრენები გადასცეს. 

* * *

11 სექტემბეს, ბულგარეთში დაიწყო ნატო-ს წევრო და ალიანსის პარტნიორი სახელმწიფოების სამხედრო წვრთნები “ერთობლივი გასაღები 2001” დაიწყო, რომელშიც საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებიც იღებენ მონაწილეობას. 

სწავლების სცენარი ჰუმანიტარული ოპერაციის მხარდასაჭერად სამხედრო ოპერაციების განხორციელებას ითვალისწინებს. სამხედრო წვრთნები 21 სექტემბრამდე მიმდინარეობს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

12 სექტემბერს, ა.შ.შ.-ში მომხდარი ტრაგედის მეორე დღესვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით აღშფოთება გამოხატა. “ჩვენ ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და თანაგრძნობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ ამერიკელ ხალხს, ა.შ.შ.-ის ხელმძღვანელობას, მის პრეზიდეტნს”, თაქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიმართვაში.

ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში მომხდარი ტერაქტების შედეგად, ა.შ.შ.-ში მყოფი საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ დაშავებულა (16 სექტემბრის ინფორმაციით). ამავე დორს უნდა აღინიშნოს, რომ ტერაქტის მომდევნო დღეების განმავლობაში გამკაცრდა საქართველოს საკონსულოების მიერ ვიზების გაცემა. “მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი, უცხოელ მოქალაქეებზე ვიზები არ გაიცება და ასეთი შემთხვევა ბოლო დროს მრავლადაა”, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების დირექტორმა კახა სიხარულიძემ 14 სექტემბერს.

მსგავსი/Related

Back to top button