ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ ხმის მიცემას ვეღარ შეძლებენ

საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები უცხო ქვეყანაში ხმის მიცემას ვეღარ შეძლებენ, ამის შესახებ სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 17 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები იგეგმება და საქართველოს მოქალაქეები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში შეძლებენ.

„არაფერი იცვლება საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში. როგორც აქამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის სრული უფლება და შესაძლებლობა. ერთადერთი პირობა არის ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში“, – განმარტა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება „ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ, ინფორმირებულ არჩევანს“. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ირლანდია, მალტა, ისრაელი, სომხეთი.

შემოთავაზებულ ცვლილებებს ხელისუფლების ოპონენტების კრიტიკა მოყვა.

„ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ტოლფასია“, – დაწერა კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ „ფეისბუქზე“. „ოცნების ეს ნაბიჯი კიდევ უფრო დააშორებს ემიგრანტებს სამშობლოს“.

ეს ნაბიჯი „ეწინააღმდეგება არჩევნების საყოველთაობის პრინციპს და არის უკიდურესად უკან გადადგმული ნაბიჯი, როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად“, – დაწერა „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ „ფესიბუქზე“. „ამ ნაბიჯით “ქართული ოცნება” ფაქტობრივად საერთოდ რიყავს ჩვენს მოქალაქეებს, ჩართულნი იყვნენ ქვეყნის ცხოვრებაში“.

This post is also available in: English

Back to top button