ახალი ამბები

რეზოლუციისა და ევროპარლამენტარების „მტრული“ დღის წესრიგის გამო, „ქართული ოცნება“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიებს ტოვებს  

„ქართული ოცნება“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მომავალ სესიებს ბოიკოტს გამოუცხადებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და ამის მიზეზად ევროპარლამენტარების „მტრული და ვიწროპოლიტიკური მიდგომები“ და ევრონესტის ბოლოდროინდელი რეზოლუცია დაასახელა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს „გაყალბებულად“ მიიჩნევს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „თვითგამოცხადებულს“ უწოდებს და ხელისუფლებას „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტმა ევრონესტის პლატფორმა „გადააქცია მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟის, საკუთარი ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგის იძულებით თავსმოხვევის იარაღად“.

„კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ევრონესტი უგულებელყოფს საქართველოს მოსახლეობის ნებას და ამ გზით, დამფუძნებელი მანდატის მიღმა, საკუთარი შეხედულებისამებრ აუქმებს მისი წევრი ქვეყნის არჩევნებს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს“, – აღნიშნა მან.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროპარლამენტს, უარი თქვას ვიწროპოლიტიკურ დღის წესრიგზე და პატივი სცეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. მისი დღევანდელი ანტიდემოკრატიული მიდგომები არის პირდაპირი გზა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თვითიზოლაციისა და მარგინალიზაციისკენ“, – დასძინა პაპუაშვილმა.

This post is also available in: English

Back to top button