ახალი ამბები

კობახიძის მიერ დაბარების უარყოფის შემდეგ, აშშ ადასტურებს, რომ საქართველოს ელჩთან შეხვედრა მოითხოვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ „მოითხოვა შეხვედრა“ საქართველოს ელჩთან, თამარ ტალიაშვილთან, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უარყო ინფორმაცია მისი დაბარების შესახებ.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ელჩ თამარ ტალიაშვილთან შეხვედრა მოითხოვა, რათა დაეფიქსირებინა ჩვენი წინააღმდეგობა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც მედიის მიერ გავრცელებულ ცრუ ცნობებს აძლიერებდა. ეს ინფორმაცია არასწორად წარმოაჩენდა აშშ-ის მთავრობის მიერ ყოფილი თანამშრომლებისთვის განხორციელებულ რუტინულ ფინანსურ გადარიცხვებს“, – განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ნეტგაზეთს“ 7 ოქტომბერს.

„განმარტების ძიების ნაცვლად, საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებმა ამჯობინეს მედიით გავრცელებული ამ მცდარი ინფორმაციის ტირაჟირება, რითაც აშშ-ის საელჩოს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლებისთვის შევიწროებისა და დაშინების ატმოსფერო შეიქმნა“, – აცხადებს სახდეპი.

ტალიაშვილის დაბარება უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებებს „ტაილანდიდან რევოლუციის დაფინანსების“ შესახებ.

საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მისი გლობალური ფინანსური სერვისების ცენტრი ბანგკოკში „ასრულებს რუტინულ, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანხების განაწილებაში აშშ-ის მთავრობის საქმიანობის მხარდასაჭერად. ეს ფინანსური სერვისების ცენტრი გასცემს სახელფასო ანაზღაურებას ამერიკელი და ადგილობრივი თანამშრომლებისთვის, კონტრაქტორებისთვის, მასპინძელი ქვეყნების მთავრობებისა და სხვა პარტნიორებისთვის. ეს ტრანზაქციები არის რუტინული, გამჭვირვალე და ხორციელდება აშშ-ისა და მასპინძელი ქვეყნის კანონებისა და რეგულაციების სრული დაცვით“.

მას შემდეგ,რაც ტალიაშვილის დაბარების შემდეგ 4 ოქტომბერს ინფორმაცია გავრცელდა, კობახიძემ ამ ინფორმაციას „ტყუილი“ უწოდა. „საქართველოს ელჩი აშშ-ში არ დაუბარებიათ. ამ დღეების განმავლობაში არაერთხელ მქონდა საუბარი ქალბატონ თამარ ტალიაშვილთან, მას არაერთის შეხვედრა ჰქონდა ამ დღეების განმავლობაში, მათ შორის ერთ-ერთი შეხვედრა იყო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან. ის დაუბარებიათ არც ერთხელ. დაბარება არის სპეციალური დიპლომატიური პროცედურა. ის არ დაუბარებიათ. რაც შეეხება თვითონ კომუნიკაციას, ეს არის დახურული ინფორმაცია და ამაზე საუბარი ჩვენ არ შეგვიძლია. დახურული საუბარი დახურულ საუბრად უნდა დარჩეს“, – განაცხადა კობახიძემ.

This post is also available in: English

Back to top button