ახალი ამბები

მმართველი პარტიის მორიგი ბრალდებების ფონზე გერმანია თავის ელჩს იცავს

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის „კატეგორიულად უარყოფს და გმობს“ „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის „უსაფუძვლო ბრალდებებს“ და დასძინა, რომ ის ასევე „კატეგორიულად უარყოფს“ მმართველი პარტიის წარმომადგენლების „აგრესიულ რიტორიკას“ გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის მიმართ.

„ვწუხვართ, რომ დეზინფორმაციისა და დამაზიანებელი ნარატივის გავრცელებით, იგი ზიანს აყენებს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს“, – განაცხადა სამინისტრომ პაპუაშვილის შესახებ. „გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას“.

„გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის პოზიციების და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს თავისი მიმდინარე პოლიტიკური კურსი“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ 10 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩი ფიშერი იმ ქართველი მომიტინგეების მხარდაჭერაში დაადანაშაულა, რომლებიც, პაპუაშვილის მტკიცებით, მმართველი პარტიის ოფისს დაესხნენ თავს.

This post is also available in: English

Back to top button