skip to content
ახალი ამბები

ერთ დღეში ორი მედიის გადამღებ ჯგუფს დაესხნენ თავს

25 ივლისს ორი გადამღები ჯგუფი გახდა სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის ობიექტი, მათ შორის პირველი – ოპოზიციური მედია “მთავარიდან,” ხოლო მეორე – რეგიონული მედია “ტვ მონიტორინგიდან.” “მთავარი” მის თანამშრომლებზე თავდასხმაში სახელისუფლებო “ტიტუშკებს” სდებს ბრალს, “ტვ მონიტორინგის” თანამშრომლები კი აცხადებენ, რომ მათზე თავდასხმა სამარშრუტო ტაქსის მძღოლების მხრიდან მოხდა და გამოწვეული იყო თავდამსხმელთა უკმაყოფილებით სატელევიზიო სიუჟეტის გამო, რომელიც ეთერში რამდენიმე დღით ადრე გავიდა.


“მთავარის” ჟურნალისტ ლადო მენაბდესა და ოპერატორ მანუჩარ მჟავანაძეს დაახლოებით ოთხი პირი დაესხა თავს. შემთხვევა სოფელ სუფსაში, გურიაში მოხდა. ლადო მენაბდე ამბობს, რომ ერთმა ადამიანმა დაიწყო “მთავარის” მისამართით გინება, შემდეგ კი მას და მის კოლეგას შეაგინა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პროვოკაციას არ წამოგებიან, მათ აღნიშნული უცნობი ადამიანი მიუახლოვდა, მენაბდეს სახეში შეაფურთხა და დაარტყა. არსებობს თავდასხმის კადრები. ამის შემდეგ, გამოჩნდა კიდევ ოთხი ადამიანი, რომლებმაც ჟურნალისტისა და ოპერატორის ცემა დაიწყეს და კამერაც დაუმსხვრიეს. დაზარალებულებმა სასწრაფოს გამოუძახეს.

ლადო მენაბდე თავდასხმას უკავშირებს სატელევიზიო სიუჟეტს, რომელზეც იგი დილიდან მუშაობდა. სიუჟეტის მომზადების ფარგლებში მენაბდე პოლიციის განყოფილებასთან ეძებდა ოფიცერს, რომელსაც, მისი ინფორმაციით, პირადი კავშირები აქვს ადიკო ივანიშვილთან, ბიძინა ივანიშვილის ძმასთან. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ოფიცერი, რომელიც გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან, სამსახურში სწორედ ადიკო ივანიშვილის გავლენით აღდგა.

“დღეს ხელისუფლების მხარდამჭერი პირები სოფელ სუფსაში “მთავარი არხის” გურიის ბიუროს ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს და ოპერატორს, მანუჩარ მჟავანაძეს ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს თავს დაესხნენ, გაუსწორდნენ ფიზიკურად და დაუზიანეს ტექნიკა,” ნათქვამია “მთავარის” განცხადებაში. ტელევიზია მოუწოდებს “ხელისუფლების ყველა შესაბამის ორგანოს,” “დაუყონებრივ” გამოიძიოს საქმე და პასუხისგებაში მისცეს თითოეული დამნაშავე.


მომდევნო შემთხვევაში თავდასხმის ობიექტი “ტვ მონიტორინგის” გადამღები ჯგუფი გახდა. ჟურნალისტსა და ოპერატორს, ბექა პირველსა და შოთა სადაღაშვილს თბილისში დაესხნენ თავს.

ბექა პირველი ფიქრობს, რომ მასზე და მის კოლეგაზე თავდასხმის საფუძველი გახდა რამდენიმე დღით ადრე გაშვებული სატელევიზიო სიუჟეტი. აღნიშნულ სიუჟეტში აღწერილია გორი-თბილისის მარშრუტზე მომუშავე რეგიონული სამარშრუტო ტაქსების არაკომფორტული პირობები, რომლებიც უსაფრთხოების ნორმებსაც ეწინააღმდეგება. კერძოდ, სიუჟეტში საუბარია, რომ მძღოლები ზაფხულის ცხელ დღეებში კონდიცირებას არ რთავენ, ამასთან კი მეტი მგზავრის გადასაყვანად სამარშრუტო ტაქსებში დამატებით პატარა სკამებს დგამენ.

მათზე თავდამსხმელები სწორედ სამარშრუტო ტაქსების მძროლები იყვნენ, რომლებმაც პირველი და სადაღაშვილი ამოიცნეს. ბექა პირველის თანახმად, ინციდენტი დაიწყო სწორედ აღნიშნული სიუჟეტის გამო მძღოლის მიერ სამარშრუტო ტაქსიში მათ შეშვებაზე უარის თქმით. აღნიშნულ მოჰყვა ფიზიკური თავდასხმა ხუთი პირისგან.

ერთ-ერთი დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას აღენიშნება დაზიანებები სახის არესა და სხეულის სხვა ნაწილებში. მეორე დაზარალებულს კი ხელი აქვს ნაღრძობი. “ტვ მონიტორინგის” თანახმად, თავდასხმის შესახებ მათ ყველა შესაბამის ორგანოს აცნობეს.


ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button