skip to content
ახალი ამბები

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელს სტუმრობს

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოში იმყოფება, სადაც უკვე შეხვდა თავის ბელგიელ კოლეგას, ალექსანდერ დე კროოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის და ბელგიის სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს ელიან ტილიეს.

პრემიერმინისტრი კულტურის საერთაშორისო ფესტივალის – „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვიდა. სიტყვით გამოსვლისას მან ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწევებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ისაუბრა საქართველოს კულტურის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვა საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნის რეალიზების მიმართ.

შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყო.

მხარეებმა ასევე განიხილეს ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. მათ ხაზი გაუსვეს, რომ „წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, მათ შორის, პოლარიზაციის დასრულების თვალსაზრისით“.

საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებას. „აქცენტი გაკეთდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში.   პრემიერმინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა როგორც  მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის, ისე საქართველოსა და ევროკავშირს შორის შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით.

შეხვედრის დასასრულს, ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის საქმეში გაწეული პირადი ძალისხმევისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრა ბელგიის პრემიერმინისტრთან

14 ივნისს, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის ბელგიელ კოლეგას, ალექსანდერ დე კროოს შეხვდა, სადაც ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური, ინვესტიციების, ტურიზმის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების „ისტორიულ გადაწყვეტილებაზე“. აღინიშნა, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია საქართველოს მიერ თითქმის შესრულებულია. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კრიტიკული მნიშვნელობა როგორც საქართველოს ევროპული მომავლის, ისე გეოპოლიტიკურ კონტექსტში. პრემიერმინისტრის თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რაც ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას შეუწყობს ხელს.

პრემიერმინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ბელგიის სამეფოს ფედერალური საჯარო სამსახურის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის სამინისტრომ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების  კიდევ უფრო გაძლიერებასა და  ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე რეგულარული პოლიტიკური  კონსულტაციების გამართვას. მემორანდუმი ასევე ქმნის ჩარჩოს განათლების, მათ შორის დიპლომატიური სწავლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში  თანამშრომლობისთვის.

მემორანდუმში აღიარებულია ევროპული საბჭოს მიერ  საქართველოსთვის მინიჭებული  ევროპული პერსპექტივის ისტორიული მნიშვნელობა. ასევე ხაზგასმულია ასოცირების შეთანხმების პოტენციალის, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის სრულად განხორციელების აუცილებლობა.  დოკუმენტში გამოთქმულია მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. 

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button