skip to content
ახალი ამბები

ზაქარეიშვილი იმედოვნებს, რომ კიდევ ერთი ქვეყანა შეცვლის სეპარატისტული რეგიონების აღიარების გადაწყვეტილებას

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს დიპლომატიური ძალისხმევა და იგი იმედოვნებს, რომ კიდევ ერთი ქვეყანა გაიმეორებს ვანუატუს ნაბიჯს და შეცვლის სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილებას.

„სერიოზული წარმატებაა მიღწეული არაღიარების მიმართულებით და უკვე 2013 წელს ერთმა სახელმწიფომ [ვანუატუმ] უკან წაიღო აღიარება… ახლა მიმდინარეობს მუშაობა და იმედია, სულ ცოტა ერთი სახელმწიფო ამ მიმართულებით გადადგამს ნაბიჯს“, – განაცხადა მან, თუმცა არ დააკონკრეტა, რომელ ქვეყანაზე საუბრობდა. 

ზაქარეიშვილმა ეს განცხადება 19 ნოემბერს გამართული ერთობლივი საკომიტეტო მოსმენების დროს გააკეთა ახალი მთავრობის დამტკიცებამდე.      

რუსეთის გარდა, საქართველოს სეპარატისტული რეგიონები ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ტუვალუმ აღიარეს.

2013 წლის აგვისტოში ტუვალუში პრემიერ–მინისტრი შეიცვალა; ვილი თელავი, რომელიც პრემიერ–მინისტრი იყო იმ დროს, როდესაც ტუვალუმ 2011 წლის სექტემბერში სეპარატისტული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა და რომელიც სოხუმს ორჯერ სტუმრობდა, ენელე სოპოაგამ ჩაანაცვლა, რომელმაც ოპოზიციაში ყოფნის დროს გააკრიტიკა ყოფილი პრემიერის გადაწყვეტილება პარლამენტთან კონსულტაციის გარეშე ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარების თაობაზე.

პარლამენტში გამართული მოსმენის დროს ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში შესაძლებელი გახდა, რომ მნიშვნელოვნად შემცირებულიყო ტემპერატურა სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში.    

მისი თქმით, მეტი წარმატება იქნა მიღწეული ბოლო ერთი წლის მანძილზე, ვიდრე ბოლო 20 წელიწადში, რადგანაც ფაქტიურად აღარ აქვს ადგილი ურთიერთბრალდებებს და აგრესიულ რიტორიკას არც საქართველოს ხელისუფლების და არც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საზოგადოების მხრიდან.

მოსმენის დროს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა გააკრიტიკა ზაქარეიშვილი და განაცხადა, რომ მთავრობაში ის რუსეთის პოზიციებს ახმოვანებს. 

„ზაქარეიშვილი არ არის რეინტეგრაციის მინისტრი, ის დეზინტეგრაციის მინისტრია“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button