skip to content
ახალი ამბები

აბაშიძემ მოსკოვთან მოლაპარაკებებზე დეპუტატებს უამბო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ 27 სექტემბერს დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა იმ ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგებსა და გამოწვევებზე, რომელსაც ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან აწარმოებს.

მოსმენა, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ მოაწყო.

აბაშიძე და კარასინი სულ ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ორმხრივი ფორმატის ფარგლებში, რომელსაც 2012 წლის დეკემბერში ჩაეყარა საფუძველი ძირითადად ისეთი საკითხების მოსაგვარებლად, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები. თბილისიც და მოსკოვის აცხადებენ, რომ ამ თემებზე პროგრესის მიღწევა შესაძლებელია.

დიალოგში მხარეები არ ეხებიან უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის და სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებულ უთანხმოებას – საკითხებს, რომლებზეც, აბაშიძის თქმით, ორივე მხარეს თავისი წითელი ხაზები აქვთ და მათზე რაიმე წინსვლა ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი. ამ ფორმატში განსახილველი საკითხების სპექტრის დავიწროების კიდევ ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ეს თემები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებული ჟენევის დისკუსიების ფარგლებში განიხილება. აბაშიძის თქმით, თბილისი ცდილობს არ გადაფაროს ჟენევის მოლაპარაკებები პარალელური ფორმატების შექმნით.

პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებმა უკვე გამოიღო შედეგები და მაგალითად, ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნა დაასახელა.

თუმცა თავის შესავალ სიტყვაში აბაშიძემ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ რუსეთის ბაზარს თავისი "პოლიტიკური რისკებიც" ახლავს თან.

„ამიტომ ჩვენ გულახდილად ვეუბნევით ჩვენ მრეწველებს, ჩვენს ბიზნესმენებს, რომ აი ასეთი ბაზარია, თქვენ თვითონ ეს კარგად იცით, ჩვენ ამ კარს ვხსნით, მაგრამ თქვენი გადასაწყვეტია ამ კარში შეხვალთ თუ არ შეხვალთ“, – განაგრძო მან, „ეს თქვენი რისკია“.

„ნებისმიერ ბაზარს ახასიათებს რისკი, განსაკუთრებით რუსულ ბაზარს. ასე რომ, ვერავინ გარანტიას ვერ მიცემს ბიზნესმენს, რომ თუკი რაღაც პოლიტიკური მიზეზის გამო მისი პროდუქცია ან ზოგადად პროდუქცია შეაჩერეს, ამის სრული გარანტიები არსებობს. მე ვფიქრობ, რომ ამას გაგებით ეკიდებიან. ჩვენ არა ერთხელ გვქონდა შეხვედრა ღვინის მწარმოებელთა ასოციაციასთან. ისინი ცდილობენ, რომ მაქსიმალურად დაიცვან ხარისხი თავიანთი პროდუქციის. ამის თაობაზეც მიმდინარეობს ახლა გარკვეული მოლაპარაკება. ამასთანავე ჩვენ ვუხსნით, კიდევ ერთხელ ვუმეორებთ, თუ რასთან აქვთ საქმე. სხვათა შორის, მათ ეს ჩვენზე კარგად იციან, რადგან ბევრი მათგანი 2006 წელს [ემბარგოს გამო] დაზარალდა. მას შემდეგ ღვინის ექსპორტის დივერსიფიცირება მოხდა; ამ კომპანიებს უკვე აქვთ მოპოვებული სხვადასხვა ქვეყნებში თავიანთი ნიშა. ამიტომ  როგორც ჩვენ ვხედავთ, ისინი არ ფიქრობენ რომ ყველაფერი ეს იქიდან შემოატრიალონ და რუსეთში შეიტანონ. არა. საკმაოდ გონივრულად იქცევიან და თანაც გასული წლების გამოცდილებიდან გამომდინარე ცდილობენ, რომ წინასწარი გადახდის პრინციპით იმუშაონ იმისათვის, რათა, თუ რაღაც მოხდა, არ დაზარალდნენ“, – განაცხადა აბაშიძემ.

ქართულ ღვინოზე მოთხოვნა დიდია, განაცხადა მან და დასძინა, რომ თავდაპირველი გათვლა იყო წლის ბოლომდე 5 მლნ ბოთლის ექსპორტზე, მაგრამ „თითქმის 8 მლნ შეუტანიათ და ალბათ ეს წლის ბოლოსთვის, ბუნებრივია, უფრო მეტი იქნება“.
 
მისი თქმით, საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ შეიძლება 100 მლნ აშშ დოლარს მიაღწიოს წელს. „ეს არ არის ასტრონომიული თანხა, მაგრამ ბიზნესის ექსპორტით მიღებული შემოსავალია და ამით ბევრი კომპანია თუ ცალკეული ფერმერი, გლეხი იხეირებს“, – დასძინა მან.

საქართველოს მთლიანმა ექსპორტმა რუსეთში 45.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა 2012 წელს;  ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგებულია 2013 წლის პირველ რვა თვეში.

პირველი პროდუქტები, რაც ბაზრის გახსნის შემდეგ საქართველოდან რუსეთში დაუშვეს, ღვინო და მინერალური წყლებია. ამ პროცესის პარალელურად ასევე იწყო ზრდა ამა წლის მეორე კვარტლის დასაწყისიდან საქართველოს მთლიანმა ექსპორტმა რუსეთში და საქსტატის მონაცემებით, 2013 წლის იანვარ-აგვისტოში 84 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აბაშიძემ კომისიის მოსმენაზე იმედი გამოთქვა, რომ ოქტომბერ-ნოემბერში მოხერხდება ასევე სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების, მათ შორის ციტრუსების, რუსულ ბაზარზე გატანა.

მისი თქმით, დიალოგის ფარგლებში ასევე მიღწეულია შეთანხმება ქართული სატრანსპორტო გადამზიდავების დაშვებაზე. „ახლა პატარა დეტალებია დარჩენილი, კერძოდ, ვიზები მძღოლებისთვის, ეკიპაჟებისთვის და ა.შ. და აი ამ ჩემი ბოლო შეხვედრის დროს [კარასინთან] მივიღეთ პასუხი, რომ ესეც გადაწყვეტილია და ალბათ უახლოეს მომავალში ქართული კომპანიები… მიიღებენ იმის შესაძლებლობას, რომ სრულად ჩაერთონ ამ პროცესში“, – განაცხადა აბაშიძემ და დასძინა, რომ რუსეთთან საზღვარზე ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტის მოდერნიზება და გამტარუნარიანობის გაზრდა ვაჭრობას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

აბაშიძემ ასევე განაცხადა, რომ შესაძლებელი გახდა აზერბაიჯანის რკინიგზის მეშვეობით ქართული ტვირთის რუსეთში გადატანაზე მოსკოვის მიერ 2006 წელს დაწესებული „კონვენციური აკრძალვის“ გაუქმების მიღწევა.

მისი თქმით, საქართველოს რკინიგზამ რუსეთისგან მიიღო შეთავაზება, რომ გამოიყენოს საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა აზერბაიჯანის გავლით ნავთობპროდუქტების  დაღესტნიდან  ქართული პორტებისკენ გადასაზიდად.

„აქ საკმაოდ დიდი თანხებია, დიდი ინტერესებია მოხდება მათი ტრანზიტი ქართულ პორტებში და შემდგომ მოხდება მისი ექსპორტირება. ასე რომ, ესეც ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი სულ უფრო მეტ ვიზებს გასცემს საქართველოს მოქალაქეებზე, თუმცა დასძინა, რომ სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმება მოსალოდნელი არაა.

„რუსეთის მხარე ამას უკავშირებს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. ბუნებრივია, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დღის წესრიგში ვერ დადგება თქვენთვის გასაგები მიზეზების გამო“, – განაცხადა აბაშიძემ მხედველობაში ჰქონდა რა თბილისის პოზიცია იმის შესახებ, რომ დიპლომატიური ურთიერთობები მანამ ვერ აღდგება, ვიდრე რუსეთს თავისი საელჩოები აქვს გახსნილი ცხინვალსა და სოხუმში. 

მან ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები რეგულარული ავიარეისების აღდგენაზე დამატებით იმისა, რომ ამჟამად ჩარტერული ფენები ხორციელდება, რაც ასევე დაეხმარება ავიაბილეთების გაიაფებას.

აბაშიძის განცხადებით, რუსეთთან მიმდინარე ორმხრივი დიალოგი სრულად მხარდაჭერილია საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიერ.

მისი თქმით, როგორც მოსკოვი უზიარებს ინფორმაციას სოხუმსა და ცხინვალს მიმდინარე მოლაპარაკებებზე, ისე თბილისი აყენებს საქმის კურსში ამ დიალოგთან დაკავშირებით თავის დასავლელს პარტნიორებს.

ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ კარასინთან მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც დეკემბრისთვისაა ჩანიშნული, იგეგმება აზრთა გაცვლა, თუ რა დამატებითი საკითხები უნდა გახდეს მომავალი განხილვის საგანი უკვე არსებულ იმ თემებთან ერთად, რომლებზეც მოლაპარაკებები იმართება. 

სოჭის ოლიმპიადა და „საზღვრის მოწყობა“
 
აბაშიძემ განაცხადა, რომ საქართველოს თანხმობა სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის თაობაზე  ამცირებს იმის შესაძლებლობას, რომ რუსეთმა საქართველოსკენ გაიშვიროს თითი იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიადის დროს რაიმე ცუდად განვითარდება.    
 
„ჩვენი მონაწილეობა გარკვეულწილად ამცირებს იმის ალბათობას, რომ ღმერთმა არ ქნას და იქ ტერორისტული აქტი მოხდეს, რუსეთის მხრიდან უპირველესად მოხდეს ისევ საქართველოს დადანაშაულება ამაში“, – განაცხადა მან, „ჩვენ ამის ‘კარგი’ გამოცდილება გვაქვს. როგორც კი რაღაც მოხდებოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, პირველს ხელს საქართველოსკენ იშვერდნენ“.    
 
როდესაც მას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ჰკითხეს იზიარებს თუ არა პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ არსებობს კავშირი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მავთულხლართების გავლებასა და რუსეთის ძალისხმევას შორის სოჭის ოლიმპიადისთვის უსაფრთხოება უზრუნველყოს, აბაშიძემ უპასუხა, რომ მასაც მიაჩნია, რომ გარკვეული კავშირი არსებობს.  
 
„მათი [რუსეთის] ხედვით, ის რაც ხდება, გარკვეულწილად არის დაკავშირებული სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების გარანტიების შექმნასთანაც“, – განაცხადა აბაშიძემ.
 
მან განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებაში „ზედმეტად გადაჭარბებული დამოკიდებულებაა“ სოჭის ოლიმპიური თამაშების მნიშვნელობის მიმართ.
 
„მე ვადასტურებ, რომ გარკვეულწილად ის რაც ხდება, ეტყობა ამასთან არის დაკავშირებული; თუმცა ამას ოფიციალურად არ ამბობენ; ოფიციალური პასუხი, მათი ტერმინოლოგიით ვიტყვი, ‘სასაზღვრო ზოლის შექმნისა’ არის ასეთი: „რუსეთმა 2008 წელს აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა; ჩვენ მათთან მოვაწერეთ უამრავ ხელშეკრულებას ხელი; ერთ–ერთი შეთანხმება არის იმის თაობაზე, რომ რუსეთი ეხმარება ამ ‘დამოუკიდებელ სახელმწიფოებს’ სასაზღვრო ზოლის შექმნაში“… რუსეთი ასევე გვეუბნება: „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი არსებობს ამგვარი საკითხების განხილვისთვის და მოდით იქ განვიხილოთ; თუ რაიმე დამატებითი კითხვები გაქვთ, მიმართეთ პირდაპირ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხელისუფლებას“. 
 
მან განაცხადა, რომ ამ საკითხის დეტალურმა განხილვამ კარასინთან მისი ორმხრივი დიალოგის ფარგლებში შესაძლოა ჩრდილი მიაყენოს ჟენევის პროცესს. „და ეს არ შედის ჩვენს ინტერესებში“, – დასძინა მან. 
 
მისი თქმით, დასავლელი პარტნიორებიც აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, რუსეთი სერიოზულ, დამატებით ღონისძიებებს ახორციელებს  სასაზღვრო რაიონებში და არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, არამედ სხვა ადგილებშიც.
 
‘საზღვრის მოწყობის’ საკითხი მოსმენის დროს რამდენჯერმე წამოიწია და არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების, არამედ ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდანაც. 
 
აბაშიძემ განაცხადა, რომ მართალია ეს საკითხი არ ჯდება მოსკოვთან ორმხრივი დიალოგის ფორმატში, თუმცა მან ეს თემა კარასინთან შეხვედრაზე მაინც დააყენა, რათა საქართველოს ხელისუფლების სერიოზული შეშფოთება გადაეცა მიმდინარე ქმედებების გამო.
 
მისი თქმით, როდესაც იგი ეუბნება რუსეთის წარმომადგენელს, რომ ‘საზღვრის მოწყობის’ პროცესი ძალიან უარყოფით ფონს უქმნის მათ შორის დიალოგს და არ შეესაბამება საქართველოს ხელისუფლების პოზიტიურ ნაბიჯებს მოსკოვთან მიმართებაში, რუსეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „საზღვრის მოწყობა“ არ არის პასუხი საქართველოს ახალი ხელისუფლების დამოკიდებულებაზე.    
 
„ისინი ამბობენ: ეს არის 2008 წლის ომის შედეგი. სასაზღვრო ზოლის მშენებლობა დაიწყო 2009 წელს და ამისათვის სპეციალური საბიუჯეტო სახსრები გამოიყო, ხელი მოეწერა შეთანხმებას ამ დამოუკიდებელი ქვეყნების მთავრობებთან; ამგვარად, ჩვენ ვეხმარებით ამ სასაზღვრო ზოლის შექმნაში“, – განაცხადა აბაშიძემ.
 
მან ასევე განაცხადა, რომ ღობეების აღმართვა უარყოფითად იმოქმედებს არა მხოლოდ ადგილობრივი ქართული მოსახლეობის, არამედ ამ გამყოფი ხაზების მიღმა დარჩენილი ოსური მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. „შეიძლება ოსები უფრო რთულ დღეში აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც ეს მავთულხლართებით იქნება შემოჯაჭვული ეს პატარა რეგიონი“, – განაცხადა მან. 

 აფხაზეთის რკინიგზა
 
აბაშიძემ განუცხადა დეპუტატებს, რომ სეპარატისტული აფხაზეთის გავლით ქართულ–რუსული სარკინიგზო ხაზის აღდგენის საკითხი არ ყოფილა განხილული მისი კარასინთან შეხვედრის დროს და ეს ამ ფორმატის ნაწილი არ არის.
 
„მე როგორც ვხედავ, ეს თემა ჯერ-ჯერობით აქტიურ ფაზაში არ განიხილება არც აფხაზეთში და აფხაზებიც თითქოს ამას ეჭვის თვალით უყურებენ“, – განაცხადა აბაშიძემ.   

თუმცა, მან ასევე დასძინა, რომ თბილისი ღიაა დისკუსიისთვის, თუ რუსები ამ საკითხს დააყენებენ და თუ ისინი რაიმე კონკრეტული წინადადებით გამოვლენ. „მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რომლებიც შეესაბამება ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა აბაშიძემ.  

რუსეთთან ვმო–ს შეთანხმების განხორციელება
 
როდესაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ჰკითხეს აბაშიძეს დაეხმარა, თუ არა საქართველოს თანხმობა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებაზე ამჟამინდელ ხელისუფლებას ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნაში, მან უპასუხა, რომ ამან პროცესს ხელი შეუწყო, თუმცა გადამწყვეტი მაინც იყო საქართველოს ხელისუფლების შეცვლა გასული წლის არჩევნების შედეგად.
 
მისი თქმით, რუსეთს შეეძლო ბევრი მიზეზი გამოეძებნა იმისათვის, რომ ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე არ დაებრუნებინა.
 
2011 წლის ნოემბერში საქართველომ და რუსეთმა შვეიცარიის შუამავლობით ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელშიც დეტალურად იყო გაწერილი პუნქტები ორ ქვეყანას შორის ტვირთების მოძრაობის კონტროლის თაობაზე, რაც ასევე ფარავდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებს. ხელშეკრულების თანახმად, მონიტორინგი „ნეიტრალურ კერძო კომპანიას“ უნდა განეხორციელებინა. სანაცვლოდ, საქართველო დათანხმდა რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებაზე.
 
მონიტორინგის განსახორციელებლად შეირჩა ჟენევაში განთავსებული კომპანია SGS.
 
აბაშიძემ განაცხადა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა SGS–სთან შეთანხმების დასასრულებლად, რომელსაც ორი დამოუკიდებელი კონტრაქტი ექნება – ერთი რუსეთთან და მეორე საქართველოსთან. აბაშიძის თქმით, ეს პროცესი დასასრულს უახლოვდება.
 
მან ასევე დასძინა, რომ პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ერთობლივი კომიტეტის შექმნის თაობაზე – ამ მექანიზმსაც 2011 წლის ნოემბრის ხელშეკრულება ითვალისწინებს – რომელიც შეთანხმების განხორციელებას მონიტორინგს გაუწევს. კომიტეტი, რომლის  შემადგენლობაში შევლენ საქართველოს, რუსეთის და შვეიცარიის წარმომადგენლები, ასევე უფლებამოსილი იქნება მხარეებს შორის შესაძლო დავები მოაგვაროს. 

ქართველი და რუსი ‘ჯაშუშები’  
 
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ჰკითხეს აბაშიძეს, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები რუსეთთან  საქართველოს იმ მოქალაქეების გათავისუფლების თაობაზე, რომლებიც ჯაშუშობის „ცრუ ბრალდებებით“ რუსეთში იხდიან სასჯელს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ციხიდან ამნისტიის აქტის საფუძველზე „პოლიტპატიმრების“ სტატუსით გაათავისუფლა ის პირები, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით იყვნენ მსჯავრდებულები.
 
აბაშიძემ უპასუხა, რომ ამ საკითხის განხილვა რუსეთთან ორმხრივი დიალოგის ფორმატში არ ჯდება; თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ მართალია ამის შესახებ ბევრი რამ არ იცის, მაგრამ მზად არის ამ საკითხზე მის ხელთ არსებული ინფორმაცია დეპუტატებს  დახურულ კარს მიღმა გაუზიაროს.  

დაბადების დღე კვიპროსში

მოსმენის დროს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ჰკითხა აბაშიძეს მართალია, თუ არა, რომ იგი ივნისში კარასინთან მესამე შეხვედრის შემდეგ კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გაემგზავრა და რუსეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრის ევგენი პრიმაკოვის კუთვნილ აგარაკზე საკუთარი დაბადების დღე აღნიშნა.

„მე არ მინდა საზოგადოებას რაიმე ცრუ ინფორმაცია მივაწოდო, ამიტომ თქვენგან მინდა პასუხი ამ საკითხზე იმიტომ, რომ საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ საკუთარი წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, რომელიც დაკავებული უნდა იყოს დევნილების სახლში დაბრუნებით, მავთულხლართების გაუქმებით, ისვენებს თუ არა რუსეთის მაღალჩინოსნების აგარაკებზე და იყენებს თუ არა რუსეთისგან მიღებულ პრივილეგიებს“, – მიმართა თაქთაქიშვილმა აბაშიძეს.  

აბაშიძემ უპასუხა, რომ იგი იმყოფებოდა ლიმასოლში, მაგრამ არა პრიმაკოვის სახლში. მისი თქმით, ეს მისი არასამსახურეობრივი მოგზაურობა იყო, რომელიც მან საკუთარი ფულით დააფინანსა; აბაშიძემ ასევე განაცხადა, რომ იგი თავისი ბავშვობის მეგობრის, ექიმ დავით იოსელიანის აგარაკზე იმყოფებოდა.  ეს უკანასკნელი მოსკოვის ინტერვენციული კარდიოანგიოლოგიის ცენტრის დამფუძნებელი დირექტორია.
 
აბაშიძემ განაცხადა, რომ პრიმაკოვი,  რომელსაც მეზობლად აქვს სახლი, ასევე შეუერთდა მისი დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებას. აბაშიძემ, რომელიც 2000–2004 წლებში საქართველოს ელჩი იყო რუსეთში, განაცხადა, რომ ის ძალიან კარგად იცნობს პრიმაკოვს, ისევე როგორც რუსეთის ბევრ სხვა ყოფილ და ამჟამინდელ ოფიციალურ პირს.

„დავით იოსელიანს ხვალ უსრულდება 70 წელი. პურმარილი აქვს მოსკოვში. 50 წელია ამ კაცს ვიცნობ… იმის გამო, რომ ასეთი კითხვა არ დამისვან აქ, ვერ მივდივარ ერთი დღითაც კი მოსკოვში… რაღაც მეტი ნდობა უნდა იყოს ერთმანეთთან“, – მიმართა აბაშიძემ თაქთაქიშვილს. 

ჩიორა თაქთაქიშვილის კითხვამ ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატის პროტესტი გამოიწვია, თუმცა აბაშიძე ჩაერია და განაცხადა: „მესმის და აბსოლუტურად ვიზიარებ. როდესაც ქვეყნებს შორის ასეთი ურთიერთობაა, ასეთი კითხვები უნდა დაისვას. მაგრამ ჩემი თხოვნაა, რომ მეტი ნდობა იყოს“.

„ქალბატონო ჩიორა, გულახდილად გეუბნებით მადლობას… დავით იოსელიანს ვიღაცა ამ ამბავს მიუტანს და ნაკლებად ეწყინება ჩემგან“, – განაცხადა აბაშიძემ.
     

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button