skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 3 ივლისს განაცხადა, რომ, მისი აზრით, მმართველი კოალიციის ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების „პირველსავე ტურში გაიმარჯვებს“, რადგან „ვერც კი წარმომიდგენია მსგავსი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია მას კონკურენცია გაუწიოს“.

ეს განცხადება ყოველთვიურ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა ცნობილი საოპერო მომღერლის და საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის პაატა ბურჭულაძის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე.

„ნებისმიერმა შეიძლება ჩვენს კანდიდატს ხმები წაართვას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი რამე რეაქციები უნდა გავაკეთოთ ამაზე. ნებისმიერი ადამიანის გადასაწყვეტია აქვს თუ არა მას სურვილი მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკური პროცესებში. თუ გადაწყვეტს ამას ბატონი პაატა, ძალიან კარგია“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, განათლების ამჟამინდელი მინისტრი და მისი პირველი მოადგილე გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც  „აქვს ყველა ის თვისება გადაჭარბებით,  რაც სჭირდება კარგ პრეზიდენტს“, არის „გაცილებით მისაღები“ კანდიდატი ქართული საზოგადოებისთვის, როგორც „პოლიტიკოსი და როგორც პიროვნება“.

„შესაბამისად მე არ ვფიქრობ, რომ მას ეყოლება ღირსეული კონკურენტი, რამეთუ ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ვერც პაატა ვერ მოახერხებს მას ღირსეული კონკურენცია გაუწიოს, თუმცა ეს საზოგადოების გადასაწყვეტია და ყველა პიროვნება თვითონ წყვეტს თავის სურვილებს“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატად პაატა ბურჭულაძის შესაძლო წამოყენებაზე განცხადება გასულ კვირას ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ გააკეთა, როცა განაცხადა, რომ ის ერთ-ერთია, ვინც ცნობილ საოპერო მომღერალს ამგვარი შეთავაზებით მიმართა.

თავად ბურჭულაძემ ასეთი შეთავაზება სხვადასხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან ქართულ მედიას დაუდასტურა, თუმცა განაცხადა, რომ მას საბოლოო გადაწყვეტილება, ჩაერთვება თუ არა საპრეზიდენტო მარათონში, ჯერ არ მიუღია და დასძინა, რომ ერჩივნა ეს თემა ჯერ არ გახმაურებულიყო.

„დღეს ჩამოყალიბებული არ ვარ“, – განაცხადა მან „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, „ისე საპრეზიდენტო კანდიდატურის წამოყენებას, კი არა, ხვალ რომ მთვარეზე მომიხდეს წასვლა, იმასაც არ გამოვრიცხავ. ყველაფერია ამ ქვეყნად შესაძლებელი. თუმცა, მე ყოველთვის ვარიდებდი თავს პოლიტიკას და რამდენიც ავარიდე, არასოდეს არ წამიგია“.

საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე წარსადგენად ბოლო ვადა არჩევნებამდე 50 დღით ადრე იწურება. გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ოფიციალურად წარადგენს ამგვარ განაცხადს და ჩაერთვება საპრეზიდენტო კამპანიაში, ის გადადგება განათლების მინისტრის პოსტიდან მიუხედავად იმისა, რომ ამას კანონმდებლობა არ ავალდებულებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი, რომლის გამოსავლენად ამჟამად ოთხი პრეტენდენტის მონაწილეობით შიდა პარტიული პრაიმერი იმართება და რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სარგებლობს ყველაზე მეტი მხარდაჭერით.

იმ კანდიდატებს შორის, რომლებმაც ღიად დააფიქსირეს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, არიან: პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე; ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და მისი ყოფილი თანაპარტიელი ნესტან კირთაძე, რომელმაც ლეიბორისტული პარტიის რიგები 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ იმ მოტივით დატოვა, რომ მაშინ პოლიტიკაში ახლად მოსული ბიძინა ივანიშვილის მიმართ პარტიას უარყოფითი პოზიცია ჰქონდა. 

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დაახლოებით ივლისის შუა რიცხვებისთვის მიიღებს.

3 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა ასევე გააკრიტიკა პრეზიდენტი სააკაშვილი არჩევნების თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 1 ივლისს თავდაპირველად არჩევნების თარიღად 27 ოქტომბერი, კვირა დღე გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს თარიღი შეცდომით გამოცხადდა და რომ ის 31 ოქტომბრით შეიცვალა, რაც ხუთშაბათ დღეს ემთხვევა. 

ივანიშვილის განცხადებით, ამ ერთი ქცევით მიხეილ სააკაშვილმა არა მხოლოდ „შეურაცხყოფა მიაყენა“ და აჩვენა მისი „დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი“, არამედ უგულებელყო ქართული ემიგრაციის ინტერესები, რომლებმაც იმის გამო, რომ არჩევნები სამუშაო დღეს დაინიშნა, შესაძლოა საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე ხმის მიცემა ვერ შეძლონ.

„ჩემთვის აღმაშფოთებელი იყო მაგალითად ის, რომ [ოქტომბრის თვის] ბოლო დღე, ხუთშაბათი დღე აირჩია [სააკაშვილმა]. არაფერი მნიშვნელობა არ აქვს მაგისთვის გარდა იმისა, რომ კიდევ სამი დღით დარჩება [პრეზიდენტის პოსტზე]“, – განაცხადა ივანიშვილმა და ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ „აქ ეჭვებია ძალიან ბევრი, რომ იურიდიულად არ არის ეს გამართული“.

საარჩევნო კოდექსის იმ მუხლში, რომელიც არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადებას არეგულირებს, ნათქვამია: „მორიგი არჩევნები/რეფერენდუმი/პლებისციტი, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. კენჭისყრის დღე უქმე დღეა“. თუმცა კოდექსში კონკრეტულად არ არის მითითებული, თუ რომელ დღეს ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები.

იურიდიულ და პოლიტიკურ წრეებში სადაო გახდა, თუ რამდენად კანონიერია არჩევნების ხუთშაბათს დანიშვნა. ზოგიერთის მოსაზრებით საპრეზიდენტო არჩევნები შაბათს ან კვირას  – დასვენების დღეებში უნდა ჩატარდეს; ზოგიერთი კი აცხადებს, რომ კანონის ეს ბუნდოვანი დებულება საპრეზიდენტო არჩევნების უკვე გამოცხადებულ დღეს ეჭვქვეშ არ აყენებს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button