
კულტურის მინისტრი აზუსტებს მის გამონათქვამს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიმართ
ოთხ საათში მას შემდეგ, რაც „სრული სისულელე“ უწოდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რიკარდო მილიორის განცხადებას „ლენინიზმზე“, კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ გამოაქვეყნა წერილობითი განცხადება, სადაც განმარტა, რომ კომენტარის გაკეთების დროს მას წაკითხული არ ქონდა მილიორის განცხადება და დაეყრდნო ჟურნალისტის ციტირებას, რომელმაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გამონათქვამზე კომენტარის გაკეთება თხოვა.
„ბატონი რიკარდო მილიორის სრული კომენტარის წაკითხვის შემდეგ, როგორც გავარკვიე მის განცხადებაში არანაირად არ იგულისხმებოდა საქართველო, როგორც „ლენინისტური“ ქვეყანა, როგორც მე ეს ფაქტი არასწორად მომაწოდეს ჩემი კომენტარის გაკეთებამდე“, – ნათქვამია რურუას განცხადებაში.
„განცხადების გაცნობის შემდეგ, ვაცხადებ, რომ ავტორი იქ სხვა საკითხებთან ერთად იხილავს ქართული პოლიტიკური კულტურის ცალკეულ თავისებურებებს, როგორც ეს ახალგაზრდა დემოკრატიებს ახასიათებთ და აკეთებს საკუთარ შეფასებას, რისი საწინააღმდეგოც ბუნებრივია, არაფერი მაქვს“, – აცხადებს რურუა.
მან ასევე განაცხადა, რომ ზოგიერთი მედია საშუალების მიერ არასწორად იქნა ინტერპრეტირებული თითქოს მან მილიორის გადადგომისკენ მოუწოდა. რურუას მხედველობაში ჰქონდა მისი განცხადების ის ნაწილი, სადაც თქვა, რომ თუ მილიორის ისეთი შთაბეჭდილება აქვს საქართველოზე, რომ ეს „ლენინისტური“ ქვეყანაა, "ეს ადამიანი უმჯობესია აღარ იყოს…“ – კულტურის მინისტრს ამ მომენტში ჟურნალისტმა შეაწყვეტინა სიტყვა იმის შესახსენებლად, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტზე იყო საუბარი, რის შემდეგაც მან განაგრძო: „არ აქვს მნიშვნელობა; სისულელე სისულელეა ნებისმიერი ადამიანისგან“.
This post is also available in: English Русский