skip to content
ახალი ამბები

ტელედებატებზე შეთანხმება ვერ ხერხდება

მართალია მმართველი პარტია და „ქართული ოცნება“ აცხადებენ, რომ მათი წამყვანი ფიგურები მზად არიან 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ პირდაპირ ეთერში ტელედებატებში მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ საქართველოს ორი წამყვანი პოლიტიკური ძალა ფორმატზე ვერ თანხმდება. 

მმართველი პარტია გამოდის წინადადებით, რომ პრემიერ–მინისტრ ვანო მერაბიშვილს და „ქართული ოცნების“ ლიდერს და პრემიერ–მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს შორის გაიმართოს დებატები.
თუმცა, ივანიშვილი აცხადებს, რომ მერაბიშვილი არ არის დებატებისთვის შესაფერისი კანდიდატი და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, პრეზიდენტ სააკაშვილს იწვევს დებატებში. 

მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა 20 აგვისტოს სააკაშვილს შესთავაზა პირისპირ ტელედებატები ან ალტერნატივის სახით მმართველი პარტიის 5–7 წარმომადგენელთან დებატებზე გამოთქვა მზადყოფნა, ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ დებატები პრემიერ–მინისტრობის კანდიდატებს და პარტიული სიის პირველ ნომრებს შორის უნდა შედგეს.
 
მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ მისი პარტიული სიის პირველი ნომერი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იქნება, ხოლო ვანო მერაბიშვილი კვლავ პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად იქნება წარდგენილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. 

კონსტიტუციის თანახმად, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მთავრობა და პრემიერ–მინისტრი უნდა გადადგნენ და პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობის ახალი ან არსებული შემადგენლობა უნდა წარუდგინოს პარლამენტს ნდობის მოსაპოვებლად. პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უცვლელი რჩება; პრემიერ–მინისტრის როლი მნიშვნელოვნად გაიზრდება და ის ქვეყნის ლიდერი გახდება მას შემდეგ, რაც 2013 წლის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში. ამ ეტაპზე გაურკვეველი რჩება, იქნება თუ არა მერაბიშვილი მმართველი პარტიის პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა  მიხეილ სააკაშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი მისი მეორე და საბოლოო ვადის ამოწურვის შედეგად. 

ივანიშვილის თქმით, თუ მმართველი პარტია მერაბიშვილს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად დაასახელებს, ის დაჯდება მასთან ტელედებატებში. „წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დებატები არ იქნება საინტერესო მოსახლეობისთვის“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს 21 აგვისტოს.

მერაბიშვილის შესახებ საუბრისას, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ივლისში პრემიერ–მინისტრად გადაყვანით სააკაშვილმა ფაქტიურად „დააქვეითა ის და ის ფუნქციებიც აღარ აქვს“, რაც შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ჰქონდა.

„მე პატივს ვცემ ვანოს, ეს რამდენჯერმე მითქვამს, მაინც არ გამოვა [მასთან დებატები]“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ამჟამად ის და მერაბიშვილი „ერთნაირი წონის“ არ არიან. 

თუმცა, ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მართალია ის არ აპირებს ერთი–ერთზე დებატები გამართოს მერაბიშვილთან, მაგრამ მზად არის პრემიერ–მინისტრთან დაჯდეს იმ შემთხვევაში, თუ იმავე დებატებში მმართველი პარტიის და მთავრობის სულ ცოტა ექვსი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. მან ასევე განაცხადა, რომ მას სურს პრეზიდენტ სააკაშვილთან დებატები და დასძინა, რომ „მე შემიძლია გავუიოლო და არ შევეკითხები მას არც ერთ მის შეცდომაზე და მხოლოდ პერსპექტივაზე და ქვეყნის განვითარებაზე შემიძლია ვესაუბრო“. 

ივანიშვილის მიერ ამ განცხადების გაკეთების შემდეგ მმართველმა პარტიამ ტელედებატებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია კიდევ ერთხელ გაიმეორა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი, ბატონი ვანო მერაბიშვილი მზად არის მონაწილეობა მიიღოს ამ დებატებში და ჩვენ ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ ბატონი ივანიშვილი არ გაექცევა ამ გამოწვევას, დადებითად გამოეხმაურება წინადადებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, რომელიც უკვე დადებითად გამოეხმაურა პარტიების წინადადებას, მიიღებს მონაწილეობას [დებატებში]“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერმა, დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა 21 აგვისტოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button