
სააკაშვილი: ფარმაცევტული კომპანიების მონოპოლია მოისპობა
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ”მონოპოლისტი” ფარმაცევტული კომპანიები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ვერავინ ვეღარ უნდა შეძლოს ”ხალხის ხარჯზე ხელების მოთბობა” ამ სფეროში.
მისი თქმით, ორი-სამი კომპანიის მონოპოლისტური მდგომარეობის შედეგად 20-40%-ით ხალხს გაუძვირდა წამლები. მას სავარაუდოდ ”ავერსის” და PSP-ს სააფთიაქო ქსელები და ფარმაცევტული წარმოება ჰქონდა მხედველობაში, რომლებმაც ბოლო პერიოდში რიგი წამლების გაიაფებაზე სარეკლამო კამპანია წამოიწყეს.
”ტელევიზორში, რომ არეკლამებენ რომ ჩვენ გავაიფეთო, ნურავის ნუ ატყუებენ. რეალურად მაგათ კი არ გააიაფეს, არამედ კანონი შემოვიდა ისეთი, რომელიც ამ მონოპოლიას სპობს. ეს არის აგრეთვე ტყუილი რეკლამა,”- განაცხადა სააკაშვილმა.
ადრე თუ წამლების იმპორტზე სპეციალური ნებართვა იყო საჭირო, ახალი კანონმდებლობით ამგვარი ნებართვა საჭირო აღარ იქნება.
”ახლა მთავარი არის, რომ ბევრმა შემოიტანოს, კონკურენცია იყოს, რომ ვინც იაფად გაყიდის, მეტს გაყიდის და ვერავინ ვეღარ შეძლოს ხალხის ხარჯზე ხელების მოთბობა ამ სფეროში,”- აღნიშნა მან.
ეს განცხადებები სააკაშვილმა ერთ-ერთი პენსიონერი წყვილის ოჯახში სტუმრობისას გააკეთა, რომელსაც ასევე ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, რომლის ინფორმაციითაც ფარმაცევტული ბაზარზე ახალი წესების ამოქმედების შედეგად წამლები მარტი-აპრილიდან გაიაფდება.
”თითქმის მესამედით შეიძლება გაიაფდეს,”- აღნიშნა სააკაშვილმა.
მან ასევე გააკრიტიკა ფარმაცევტული კომპანიები ”კორუფციული” სქემის გამო, რომელიც მათ ექიმებთან აკავშირებთ. მისი თქმით, ექიმები ამ კომპანიებისაგან გარკვეული სარგებლის სანაცვლოდ ხშირად პაციენტებს ძვირ წამლებს უწერენ.
სააკაშვილის თქმით, ეს კომპანიები იმისთვის, რომ ”შეინარჩუნონ ფასები” ყველა ხერხს მიმართავენ, მათ შორის პატენტების ”უსაქმური” ბიუროს მეშვეობით აპატენტებენ მათ მიერ გამოშვებულ წამლებს, რათა ”ყველა სხვა აკრძალონ”.
”ე.ი შემოგვიარეს თავის ჭკუით, ეგონათ რომ გვეძინა და მონახეს ეს ძველი პატენტების ბიურო მას შემდეგ, რაც პარლამენტში კბილებით აჩერებდნენ ამ კანონს 6 თვე. ჰგონიათ, რომ აქ იდიოტებისგან შევდგებით,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”მომხრე ვარ, რომ საქართველოში იყოს ფარმაცევტული მრეწველობა, მაგრამ ძალიან არ მინდა, რომ ეს იყოს ხელოვნური ბარიერების, მონოპოლიების და ჩაწყობების შედეგი”.