ახალი ამბები

ოპოზიცია მერიას ”ნაგვის” აქციებს პირდება

ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ 28 აპრილს მიმართა პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს, რომ ხვალიდან ყოველდღიურად დაიწყება ”დიდი” მსვლელობები მერიისკენ, სადაც მიტანილი იქნება რუსთაველის გამზირზე შეგროვილი ნაგავი.

”აქ აკრეფილი ნაგვით გადავკეტოთ ქუჩა და ყოველდღე, თუ არ წაიღებენ, აქედან წაღებული ნაგვით ვუკეტოთ ქუჩები,”- განაცხადა მან და იმავდროულად, მოუწოდა აქციის მონაწილეებს არ გადაიხადონ დასუფთავების გადასახადი. 

”მე გთხოვთ ყველას, სანამ არ დაიწყებენ რუსთაველის დალაგებას, არავინ არ გადავიხადოთ ნაგვის გადასახადი,”- განაგრძო მან, ”ეს [დასუფთავება] მათი ფუნქციაა და თუ უუნაროები და უფუნქციოები არიან, მაშინ წაეთრენ, დატოვონ თავისი სამსახურები და ჩვენ ვართ უნარიანები და მივხედავთ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი”.

12 აპრილიდან თბილისის მერმა დემონსტრაციის ადგილის დალაგებაზე ოფიციალურად განაცხადა უარი იმ მოტივით, რომ არ მოხდეს პროვოკაცია დასუფთავების სამსახურსა და მომიტინგეებს შორის. ამის შემდეგ, ოპოზიციის აქტივისტები საკუთარი ძალებით ასუფთავებენ ქალაქის მთავარ გამზირს.

Back to top button