ახალი ამბები

პოზიციები უცვლელია, პროცესი კი ჩიხში შევიდა

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ  განაცხადა, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ  ხელისუფლებას კონფიდენციალური კონტაქტები ჰქონდა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შესაძლო მოლაპარაკებების ფორმატთან დაკავშირებით. 

მისი თქმით, ეს კონტაქტები მიმდინარეობდა ”საერთაშორისო თანამეგობრობის რამოდენიმე ცნობილი წარმომადგენლის” მონაწილეობით.

”ჩვენ ვთავაზობდით მათ კონფიდენციალური შეხვედრების გამართვას შაბათს და კვირას [18-19 აპრილს], რათა განგვეხილა ის მთავარი საკითხები, რომელზეც შეიძლებოდა გვესაუბრა, მათ შორის ნდობის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ჩვენ ვთავაზობდით მათ ჩაგვეტარებინა ამ შეხვედრების შემდეგ მოლაპარაკებები ღია დღის წესრიგით ან სამშაბათს ან ოთხშაბათს,” – განაცხადა ბაქრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ”პოლიტიკური კვირა” 26 აპრილს. 

მისი თქმით, ეს ”ღია დღის წესრიგი” საშუალებას მისცემდა ოპოზიციას მოლაპარაკებების დროს ნებისმიერი საკითხი დაეყენებინა.

”მაგრამ ოპოზიციამ გვიპასუხა განცხადებით, რომლითაც მათ გადაჭრეს ყველა გზა დიალოგისკენ,” – განაცხადა ბაქრაძემ. ”ჩვენ ვთავაზობდით მათ ძალიან კონკრეტულ სქემას, მექანიზმს, ადგილს და დროს დიალოგის გამართვისთვის”.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგი კვლავ უცვლელი რჩება – კონსტიტუციური რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს პარლამენტის უფლებამოსილების ზრდას, საარჩევნო კოდექსი და ეკონომიკური სირთულეების გადაჭრა.

”ჩვენი მხრივ არსებობს მზადყოფნა იმ რეფორმებისთვის, რომელიც კარგია ქვეყნისთვის და თუმცა ამის გაკეთება შეუძლებელია რადიკალურ ოპოზიციასთან მათი უარის გამო, ჩვენ ამას საზოგადოებასთან ერთად და ასევე იმ პოლიტიკურ ძალებთან ერთად გავაკეთებთ, რომელთაც მონაწილეობის სურვილი აქვთ,” – განაცხადა ბაქრაძემ.

მანამდე იმავე გადაცემაში რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია მზად არის შეხვდეს პრეზიდენტს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. თუმცა, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ოპოზიციის დღის წესრიგი უცვლელი რჩება, სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით.

მან ასევე განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტ სააკაშვილს ექნება ”კონკრეტული წინადადებები, სერიოზული წინადადებები – და არა ის, რასაც ჩვენ მათგან ვისმენთ, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარისგან”, მაშინ ოპოზიცია მზად არის მოისმინოს ეს წინადადებები.

”სიღრმისეული, საგნობრივი შეხვედრაა საჭირო და არა ისეთი, რომელიც შეიძლება პროპაგანდისტული მიზნით იქნას გამოყენებული ან ოპოზიციის, ან ხელისუფლების მიერ,” – განაცხადა უსუფაშვილმა. ”ამგვარი შეხვედრა მოითხოვს გარანტიებს, მათ შორის ევროკავშირიდან, რადგანაც ჩვენ უკვე გვაქვს ისეთი შეხვედრების გამოცდილება, რომლებიც უშედეგოდ სრულდებოდა”.

იმავდროულად, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 28 აპრილს ქვეყნის მასშტაბით შენდობის დღე გამოაცხადა და პოლიტიკოსებს ამ დღეს შენდობის ლოცვის ერთად წაკითხვისკენ მოუწოდა.

”მე მინდა მივმართო ხელისუფლებას, ჩვენს ოპოზიციას, რომ მოვიდნენ ტაძრებში და ყველამ ერთად უნდა მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები,” – განაცხადა ილია მეორემ.

”ის, ვინც სულიერია, იმან უნდა დაუთმოს სხვას,” – დასძინა მან.

 

 

 

 

 

Back to top button