
სააკაშვილი ოპონენტებზე საუბრობს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილზე 17 ნოემბერს ორჯერ მიიტანა იერიში კახეთში თავის საჯარო გამოსვლებში და ასევე გააკრიტიკა საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მეტოქის ლევან გაჩეჩილაძის ღვინის კომპანია.
”ბოროტებას საქართველოში აქვს სახელი და გვარი და მის შესახებ ყველაფერი ვიცით. ერთი მილიარდი დოლარიც რომ დახარჯო და ქართველი ხალხის ყიდვა სცადო, არაფერი გამოგივა, რადგან უნდა გესმოდეს, რომ ქართველ ხალხს მსგავს მოვლენებსა და ადამიანებზე სწორი რეაქცია აქვს”, – განცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ დამანგრეველ ძალას საქართველოში ყოველთვის საწინააღმდეგო ძალა დახვდება.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს განცხადება ყვარელში გააკეთა, სადაც მოსახლეობა ილია ჭავჭავაძის განახლებული მუზეუმის გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტზე შეიკრიბა.
მანამდე სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან ლადო გურგენიძესთან ერთად საგარეჯოს ესტუმრა, სადაც მევენახეებსა და მეღვინეებს შეხვდა.
იქ მან ბევრი ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მოახერხა საქართველომ გადაელახა რუსეთის ემბარგო სიძნელეების მიუხედავად და მიუხედავად ქვეყნის მოღალატეების მცდელობისა ”გაენადგურებინათ საქართველო” და დესტაბილიზაცია მოეხდინათ. მან ასევე გაიხსენა ”ძალიან ყალბი და არაფრისმთქმელი საგანგებოდ დადგმული სატელევიზიო სცენები”, როდესაც გაბრაზებული მევენახე ჩეხავს ვაზს. ეს სიუჟეტი ტელეკომპანია ”იმედმა” ფართოდ გააშუქა. ხელისუფლებამ მაშინ განაცხადა, რომ ეს ”დადგმული შოუ” იყო პატარკაციშვილის ”პროპაგანდის” ნაწილი ხალხი უიმედობა დაენერგა.
”ვენახის ამოძირკვა სხვაგვარად ხდება, მაგრამ თუ შენი ულვაშა დამკვეთის გულის გახარება გინდა, შეგიძლია ესეც გაითამაშო”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მევენახეებთან და მეღვინეებთან შეხვედრაზე სააკაშვილმა ასევე ისაუბრა ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების შემდგომ დივერსიფიკაციაზე.
ერთ-ერთი ქართული ღვინის კომპანიია ”თელიანი ველის” შექების ფონზე, სააკაშვილმა გააკრიტიკა მეორე ღვინის კომპანია ”საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია”, რომლის მფლობელიც დეპუტატი და პრეზიდენტის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძეა. ”თელიანი ველის” აქციონერი კომპანია Galt & Taggart Capital-ია.
”არის ერთი კომპანია, რომელიც ახლა გაკოტრებულია, ამიტომ არ დავასახელებ, კომპანიის წარმომადგენლები ახლა პოლიტიკაში არიან,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”ამას წინათ იაპონიაში ვიყავი და კიოტოს გუბერნატორმა მითხრა, რომ ქართული ღვინო იყიდა კიოტოში და მაჩვენა ამ კომპანიის წარმოებული თეთრი ღვინო. შემეშინდა, იმიტომ რომ ზუსტად ეს ღვინო ორი წლის წინ მოსკოვში გავსინჯე და საშინელი იყო. არც ერთი თქვენგარი არ დალევს ასეთ ღვინოს, არა მარტო თქვენ, არამედ ისინიც, ვისაც ღვინოში არაფერი არ გაეგებათ… შემდეგ გავსინჯეთ ეს ღვინო და აღმოჩნდა, რომ ეს იყო ძალიან კარგი ღვინო. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს კომპანია იაპონიაში ნამდვილად კარგ ღვინოს აგზავნიდა [განსხვავებით რუსეთისა]… სწორედ ამაშია პრობლემა, როდესაც ერთგან ერთი ხარისხის ღვინოს აგზავნი, ხოლო მეორეგან სხვა ხარისხის. ჩვენ ყველა ბაზრისთვის მაღალი სტანდარტები უნდა შევინარჩუნოთ”.
შეხვედრაზე სააკაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და განაცხადა, რომ ხელისუფლების პასუხმა 7 ნოემბრის არეულობებზე ხელი შეუშალა ქვეყნის ჩაძირვას ქაოსში.
”ამ დღეებში ჩვენი ქვეყანა არჩევანის წინაშე იდგა – ან გააგრძელებდა სვლას მომავლისკენ ან დაბრუნდებოდა გასული საუკუნის 90-იან წლებში, მაგრამ საქართველოს უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გააჩნია,” – განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ სწორედ წესრიგის დასამყარებლად გადადგა ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ნებისმიერი ქვეყნის მთავრობა გადადგამდა.
This post is also available in: English