
ცხინვალი მზადაა მონაწილეობა მიიღოს სექტემბერში თბილისის შსკ-ს სხდომაში
ცხინვალი მზადყოფნას გამოთქვამს მონაწილეობა მიიღოს შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაში თბილისში, რომელიც სავარაუდოდ, სექტემბრის მეორე ნახევარში გაიმართება; თუმცა იმ პირობით, თუ იარსებებს უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები.
ამის შესახებ შეთანხმებას შსკ-ს რუსული, ჩრდილოეთ ოსური და სამხრეთ ოსური მხარეების თანათავმჯდომარეებმა კონსულტაციების შედეგად მას შემდეგ მიაღწიეს, რაც რუსულმა მხარემ თბილისისგან შესაბამისი თანხმობა მიიღო, აცხადებს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 8 აგვისტოს.
საქართველოს ორი დღეა სტუმრობს კომისიის რუსული მხარის თანათავმჯდომარე იური პოპოვი, რომელმაც თბილისსა და ცხინვალში შეხვედრები გამართა.
შსკ-ს პლენარული სხდომა საქართველოს დედაქალაქში 9-10 აგვისტოს იგეგმებოდა, თუმცა ჩაიშალა სამხრეთ ოსური მხარის უარის გამო, რომელმაც უსაფრთხოების გარანტიების არ არსებობის მოტივით თბილისში ჩამოსვლა არ ისურვა.
This post is also available in: English