skip to content
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანულ გაზზე იმედებს ამყარებს

საქართველოს ექნება საკმარისი გაზი, მაგრამ იმ გაზის ზუსტი რაოდენობა და ღირებულება, რომელსაც აზერბაიჯანი საქართველოს მიაწვდის, ჯერ ისევ შესათანხმებელია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 30 ნოემბერს ბაქოში აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.


„ჩვენ ძალიან სასარგებლო მოლაპარაკებები გვქონდა აქ და ძალიან კმაყოფილი ვარ… 6-8 დეკემბერს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრა გაიმართება და ალბათ შევთანხმდებით შაჰ-დენიზის გაზის საბოლოო განაწილებაზე“, – განუცხადა ნოღაიდელმა ჟურნალისტებს ბაქოში.


„რაც ახლა საქართველოს სჭირდება არის დაახლოებით 1,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის დეფიციტის შევსება… ჩვენ გაზი აუცილებლად გვექნება და ზამთარში გაზის გარეშე არ დავრჩებით“, – დასძინა მან.


აზერბაიჯანის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრმა ნატიკ ალიევმა 30 ნოემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აზერბაიჯანი მზად არის საქართველო გაზით მოამარაგოს.


„აზერბაიჯანს და საქართველოს ძმური ურთიერთობები აქვთ და აზერბაიჯანი შეძლებს თავისი საკუთარი რესურსებიდან დაეხმაროს საქართველოს“, – განაცხადა ნატიკ ალიევმა.


საქართველოს სურს მეტი აზერბაიჯანული გაზი მიიღოს სამხრეთ კავკასიური გაზსადენიდან, რომლის საშუალებითაც მომავალი წლიდან განხორციელდება შაჰ-დენიზის საბადოდან აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება თურქეთში საქართველოს გავლით. ამჟამად არსებული კონტრაქტი ითვალისწინებს საქართველოსთვის 250 მილიონი კუბური მეტრი გაზის მოწოდებას.


„ლაპარაკია სწორედ იმაზე, რომ 250 მილიონი კუბური მეტრი გაზი შაჰ-დენიზიდან – რაც არსებული კონტრაქტითაა გათვალისწინებული – გაიზარდოს და აზერბაიჯანულმა გაზმა საქართველოს მოხმარების უდიდესი ნაწილი დააკმაყოფილოს“, – განუცხადა გილაურმა ჟურნალისტებს 30 ნოემბერს.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 29 ნოემბერს მიანიშნა, რომ აზერბაიჯანს სურს საქართველო ბუნებრივი აირით მოამარაგოს.


პრეზიდენტი სააკაშვილი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს 28 ნოემბერს მინსკში გამართული დსთ-ს სამიტის ფარგლებში შეხვდა.


„მე ვფიქრობ, რომ ეს ზამთარი გახდება აზერბაიჯანულ–ქართული ძმობის ისტორიული დემონსტრაციის მაგალითი“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს ლონდონში, სადაც ის მინსკის სამიტის შემდეგ ჩავიდა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button