skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი ჯაშუშების დევნას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთშიც გეგმავს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში რუსული დაზვერვის ერთი ქსელის “ნეიტრალიზაცია“ მოახდინა, ანალოგიური ჯგუფები სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებშიც მოქმედებენ. 


“ამგვარი ქსელები კვლავაც მოქმედებენ იმ ტერიტორიებზე, რომელთაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ; ეს არის სამხრეთ ოსეთის მთიანი რეგიონის ძალიან მცირე ნაწილი და აფხაზეთის ტერიტორიის 70% – რადგანაც ბოლოს ჩვენ აფხაზეთის ტერიტორიის 30%-ზე აღვადგინეთ კონტროლი. ამრიგად, ამ ტერიტორიებზე კვლავ არსებობენ დაზვერვის ასეთი ქსელები, მაგრამ ჩვენ მათ ვიპოვით, დავიჭერთ და პასუხს ვაგებინებთ. ეს სავსებით ნათელია. ყველას ვპირდები ამას, ვინც ამ ჯგუფებს ხელმძღვანელობს“,- განაცხადა სააკაშვილმა.


მისი თქმით, საქართველოს პასუხი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაზე არის “განვითარება და მხოლოდ განვითარება“.


მან ასევე უარყო აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებები, რომ საქართველო სენაკის სამხედრო ბაზაზე ჯარების მობილიზებას ახდენს.


“შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ სენაკის სამხედრო ბაზაზე არანაირი მობილიზაცია არ მიდის“, – განაცხადა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button