ახალი ამბები

სააკაშვილი რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზე, კონფლიქტებსა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე საუბრობს

16 ივლისს სატელევიზიო მიმართვაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე დიდი რვიანის სამიტს “ისტორიული“ უწოდა და სეპარატისტული კონფლიქტების, რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებისა და ენერგოუსაფრთხოების შესახებ თბილისის პოზიცია გააჟღერა.   


“პირველად ისტორიაში დიდი რვიანის მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს პოლიტიკულ ფორუმზე საქართველოს საკითხის განხილვას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. ჩვენი განვითარებისთვის ეს მართლაც ისტორიული შტრიხია და ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ძალიან აქტიური დიპლომატიის შედეგი. ეს არის შედეგი იმისა, რაც საქართველოს შიგნით გაძლიერების, განვითარების და რეფორმების კუთხით ხდება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბევრად მეტია გასაკეთებელი, მაგრამ ის, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უპრეცენდენტო მხარდაჭერას იწვევს“, – განაცხადა სააკაშვილმა.


სამხრეთ ოსეთი/აფხაზეთი


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 15 ივლისს განაცხადა, რომ დიდი რვიანის სამიტის ლიდერები საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკებების დროს საქართველოს საკითხზე იმსჯელეს.  


თავის სატელევიზიო გამოსვლაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხაზი გაუსვა თბილისის მშვიდობიან მიდგომას სეპარატისტული კონფლიქტების მიმართ, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველო სტატუს კვოს არ შეეგუება.


“ეს ეთნიკური კონფლიქტები არ არის, ეს თავზე მოხვეული პოლიტიკური კონფლიქტებია, რომელიც პოსტ-საბჭოთა ძალებს უკავშირდება. ისინი ცდილობენ მეზობელი ტერიტორიების რაღაც ნაწილის მითვისებას, ყველაზე სასურველი ლუკმა კი, მათთვის საქართველო იყო. თავის დროზე მათ ეს მოახერხეს. დღეს საქართველო ახალი ქვეყანაა და მას სხვანაირი მთავრობა ჰყავს. მას აქვს აღებული კურსი – ეს კონფლიქტები მშვიდობიანი გზით ერთხელ და სამუდამოდ მოაგვაროს“, – განაცხადა სააკაშვილმა.


“მე სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ამ კონფლიქტებთან მიმართებაში დროის გაწელვას ჩვენ აღარ შევეგუებით. ჩვენ არ შევეგუებით ნებისმიერ მცდელობას საქართველოს თავს მოახვიონ კონფრონტაცია, ვინაიდან ჩვენ მშვიდობიანი განვითარება, თანამედროვე ეკონომიკა და ინვესტიციები გვჭირდება. ჩვენ სიტუაციის არევის საშუალებას არავის მივცეთ. ჩვენ არ შევეგუებით მინიშნებას იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე სახის საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, საქართველოს ეს ტერიტორიები ოდესმე ჩამოშორდეს, ამაში ჩვენ საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორებისაგან სრული მხარდაჭერა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან რუსეთშიც შეწყდება მსგავსი განცხადებების კეთება და ამ მიმართულებით სხვა ნაბიჯების გადადგმაც“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი, ვინც სამხრეთ ოსეთში ბოლოს დროს მომხდარი პროვოკაციების უკან დგანად – მათ შორისაა ორი აფეთქება, რომლის დროსაც სამხრეთ ოსეთის მაღალჩინოსანი და ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა – ვერ მიაღწევენ თავიანთ მიზანს  – საქართველოში ქაოსის გამოწვევას.  
    
“ჩვენ ცხინვალის რეგიონისთვის ზუსტი მშვიდობიანი მოწესრიგების გეგმა გვაქვს…  რასაც მხარს ეუთო, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და მათ შორის ეუთოს ფორუმზე რუსეთიც უჭერს. ჩვენი სურვილია ეს გეგმა ბოლომდე მივიყვანოთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.


აფხაზეთთან მიმართებაში, სააკაშვილმა ხაზი გაუსვა დევნილთა დაბრუნების და ადამიანის უფლებათა დაცვის საჭიროებას.


“ყველანაირი საუბარი იმაზე, რომ თურმე აფხაზეთში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, რომელიც საქართველოდან აფხაზეთის გამოყოფას დააკანონებს, პროვოკაციულია, უზნეობაა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არასერიოზულად აღიქმება. მინდა ვთქვა, მთავარი, რაც უნდა განხორციელდეს აფხაზეთში, ეს დევნილების დაბრუნება, ადამიანის უფლებების დაცვა და იმ დარღვევების აღკვეთაა, რომელიც იქ მიმდინარეობს – რა თქმა უნდა, ყველა ეთნიკური ჯგუფების გათვალისწინებით.  დარწმუნებული ვარ, დიდი რვიანის ყველა წევრი ამ ხედვას გაითვალისწინებს და ის პოზიციები, რომელიც საქართველოს მხარდაჭერის მისამართით გამოიხატებოდა, მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


რუსეთის ვმო-ში გაწევრიანება


სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთთან პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბება საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს შეესაბამება, თუმცა აქვე დასძინა, რომ საქართველო არ დაუჭერს მხარს რუსეთის გაწევრიანებას ვმო–ში, თუ მოსკოვი კვლავაც განაგრძობს ქართული პროდუქციის, ძირითადად ღვინის და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას.


“ამ რამდენიმე დღის წინათ, საქართველოს დიპლომატიამ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თავისი პოზიცია დააფიქსირა. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება რუსეთისათვის ძალზე მნივშნელოვანია და თქვენ კარგად იცით, რომ ამ თვალსაზრისით, საქართველოს პოზიცია დღესდღეობით ბევრ რამეს წყვეტს“, – განაცხადა სააკაშვილმა.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 14 ივლისს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველომ რუსეთის ვმო–ში მისი გაწევრიანების ფარგლებში განაახლა ბაზარზე დაშვების ორმხრივი მოლაპარაკებები. ქართული მხარის განცხადებით, ქართული ღვინის და მინერალური წყლების აკრძალვის გზით რუსეთმა დაარღვია 2004 წლის მაისში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ვმო–ს ფარგლებში ბაზარზე დაშვების პირობებზე ორმხრივი მოლაპრაკებების დასრულების შესახებ ოქმის დებულება.


თბილისის განცხადებით, ორი უკანონო სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მუშაობა – ერთი სამხრეთ ოსეთში (როკის გვირაბი) და მეორე აფხაზეთში –  ასევე არის ორ ქვეყანას შორის 2004 წლის მაისში ხელმოწერილი ოქმის დარღვევა.


სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს “ძალზე პრინციპული პოზიცია“ ექნება რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზე.


“ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენი სამართლიანი ინტერესები და ადრე დადებული შეთანხმებების დაცვა მოვითხოვოთ, თავმოყვარეობა და ღირსება გაგვაჩნია. ჩვენი სურვილია, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მაქსიმალურად სწრაფად შევიდეს. მაგრამ იმ ფაქტზე, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მიყენების ან მისი განადგურების მცდელობა გეგმაზომიერად და ყველა აკრძალული მეთოდით ხორციელდება, თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ. ჩვენ იმ სიძნელეებს გადავიტანთ, რომლებიც ხელოვნურად შეგვექმნა და ამ გზას ვადგავართ კიდეც. ჩვენი სურვილია, რომ ეს საკითხები რუსეთთან პარტნიორობის პირობებში გაირკვეს. მანამ, სანამ ეს საკითხები არ გაირკვევა, საქართველო საკუთარ პოზიციას ვერ შეიცვლის“, – განაცხადა სააკაშვილმა.


ენერგოუსაფრთხოება


საქართველოს პრეზიდენტმა თავის სატელევიზიო გამოსვლაში ასევე განაცხადა, რომ დიდი რვიანის სამიტის პარალელურად “კიდევ ერთი ისტორიული“ მოვლენა მოხდა – ეს იყო თურქეთში 13 ივლისს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის “ინაუგურაცია”.


“ამ ნავთობსადენის მშენებლობა ჩვენს ხელისუფლებაში მოსვლამდე დაიწყო, მაგრამ როცა ჩვენ მოვედით, კონტრაქტის პირობების შეცვლის საკითხი დავაყენეთ და მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოში განხორციელდა 150-160 მილიონ დოლარზე დამატებითი ინვესტიცია. ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, პარტნიორულ ვითარებაში, ჩვენ მოვახერხეთ ახალი პირობების ჩამოყალიბება, რომელიც საქართველოს ინტერესებს შეესაბამებოდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოსთვის. ბაქო-თბილისი-ერზრუმის, ან იგივე სამხრეთ კავკასიური გაზსადენი წლის ბოლოს შევა ექსპლოატაციაში.


“ჩვენმა წინამორბედმა მთავრობამ სამწუხაროდ, ისეთი კონტრაქტი გააფორმა, რომლის საფუძველზეც საქართველოს პრაქტიკულად გაზი არ ხვდებოდა. იქ იყო კორუფციული გარიგება, რომელსაც იმ ხელისუფლების ყველაზე უფრო გახრწნილი ნაწილი კურირებდა. ის ხალხი, რომელიც გაქცეულია და საქართველოს იქედან უქმნის პრობლემებს. ამ ხალხმა ისეთი კონტრაქტი გააფორმა, რომლითაც საქართველოს მოსახლეობას გაზი საერთოდ არ ხვდებოდა. ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მივაღწიეთ იმას, რომ საქართველო აუცილებად იყიდის მნიშვნელოვან ნაწილს და პირველად, ამ ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს გაზით მომარაგების ალტერნატივა გაუჩნდება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


თავდაპირველად შეთანხმებული იყო, რომ სამხრეთ კავკასიური გაზსადენის მშენებლობის შემდეგ საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, აზერბაიჯანიდან თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5%-ს მიიღებდა. ამავე შეთანხმების თანახმად, საქართველო წელიწადში დამატებით შეისყიდის ნახევარ მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზს შეღავათიან ფასად – 55 აშშ დოლარად 1000 კუბურ მეტრზე (წლიური 1,5%-იანი მატებით) შემდგომი 20 წლის განმავლობაში. საქართველოს სურვილია, რომ 2007 წლიდან მიიღოს სულ ცოტა 1,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შეღავათიან ფასად.


მოწოდება მოთმინებისკენ


თავის გამოსვლაში სააკაშვილმა არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით მოსახლეობას მოთმინებისკენ და ერთიანობისკენ მოუწოდა.


“მინდა იცოდეთ თქვენ, ჩემო თანამემამულეებო! ყველას გვმართებს მოთმინება, მოთმინება ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზე. ერთი რამ ნათელია, საქართველო სწორ გზაზე დგას. საქართველოს გაუჩნდა ნათელი პერსპექტივა. თუკი ჩვენ, ყველანი ერთად დავდგებით, ამ პრობლემებს ბევრად უფრო ადრე გადავწყვეტთ, ვიდრე იმ ხალხს წარმოუდგენია, რომლებიც ამ პრობლემებს ქმნიდა“, – დასძინა სააკაშვილმა.



 

Back to top button