
სამშვიდობოების შესახებ დადგენილების პროექტი დეპუტატებს დაურიგდათ
პარლამენტში დარიგდა “ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არსებული ვითარებისა და სამშვიდობო პროცესიის მიმდინარეობის შესახებ” დადგენილების პროექტი, რომლის მიღებასაც საქართველოს საკანონმდებლო ორგანო 15 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გეგმავს.
დადგენილების პროექტის პირველ მუხლში ნათქვამია, რომ პარლამენტი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული სამშვიდობო ძალების საქმიანობას აფასებს როგორც “უკიდურესად ნეგატიურს“. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ “რუსეთის ფედერაციის ქმედებები – საქართველოს ამ [ცხინვალის] რეგიონის ანექსიის მცდელობად“ შეფასდეს.
დადგენილების პროექტი ავალებს მთავრობას “გადახედოს“ 1992 წლის 24 ივნისის სოჭის შეთანხმებას და მიიღოს ზომები არსებული სამშვიდობო ოპერაციის “ეფექტური საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციით“ ჩანაცვლების უზრუნველსაყოფად.
დადგენილების პროექტი ასევე ავალებს მთავრობას დაიწყოს ინტენსიური თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და “პარტნიორ სახელმწიფოებთან“ ახალი სამშვიდობო ფორმატის შემუშავების მიზნით.
გთავაზობთ დადგენილების პროექტის სრულ ტექსტს:
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არსებული ვითარებისა და სამშვიდობო პროცესიის მიმდინარეობის შესახებ
საქართველოს პარლამენტმა, “ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარებისა და სამშვიდობო ოპერაციების მიმდინარეობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 ოქტომბრის # 1912–IIს დადგენილების მე–2 პუნქტის შესაბამისად, მოისმინა საქართველოს მთავრობის მოხსენება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არსებული ვითარებისა და იქ განლაგებული სამშვიდობო ძალების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ.
გამომდინარე აღნიშნული მოხსენებიდან, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში განლაგებული სამშვიდობო ძალების მხრიდან მანდატის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა შეფასდეს მკვეთრად უარყოფითად, ხოლო რუსეთის ფედერაციის ქმედებები – საქართველოს ამ რეგიონის ანექსიის მცდელობად.
2. დაევალოს საქართველოს მთავრობას, აამოქმედოს პროცედურები „ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარებისა და სამშვიდობო ოპერაციების მიმდინარეობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 ოქტომბრის # 1912–IIს დადგენილების მე–4 და მე–6 მუხლებით განსაზღვრული დავალებების შესრულების, კერძოდ, სოჭის 1992 წლის 24 ივნისის შეთანხმების გადახედვის, აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის ეფექტური საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციით ჩანაცვლების მიზნით.
3. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შესაძლო ინსპირირებული დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად, კონფლიქტის ზონაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და სამშვიდობო პროცესის რეალურად დასაწყებად, დაევალოს საქართველოს მთავრობას, გაააქტიუროს მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან ახალი სამშვიდობო ფორმატის შემუშავების მიზნით.
4. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტის სრულმასშაბიანი, მშვიდობიანი, პოლიტიკური დარეგულირების მიზნით, დაევალოს საქართველოს მთავრობას, გაააქტიუროს მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან ეუთო–ს წევრი–სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მოწონებული სამშვიდობო გეგმის სრულად იმპლემენტირების დასაწყებად.
5. დადებითად შეფასდეს საქართველოს მთავრობის მხრიდან „ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარებისა და სამშვიდობო ოპერაციების მიმდინარეობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 ოქტომბრის # 1912–IIს დადგენილების შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯები; დაევალოს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არსებული ვითარებისა და იქ განლაგებული სამშვიდობო ძალების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ არსებული ფაქტობრივი მასალის მიწოდება საერთაშორისო ორგანიზაციების, რუსეთის ფედერაციისა და პარტნიორი სახელმწიფოებისათვის.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე