ახალი ამბები

ბეჟუაშვილი სამშვიდობოთა მანდატის შეცვლისკენ მოუწოდებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 9 თებერვალს ეუთოს მუდმუვმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლაში განაცხადა, რომ “უფრო ლოგიკური“ იქნებოდა, თუ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებულ შერეულ სამშვიდობო ძალებში მხოლოდ რუსული და ქართული ბატალიონები შევიდოდა და გაიზრდებოდა შერეული სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის არეალი.


ამჟამად, შერეულ სამშვიდობო ძალებში სამი ბატალიონი შედის – რუსული, ქართული და ჩრდილოეთ ოსური და მისი პასუხისმგებლობა არ ვრცელდება ორ მნიშვნელოვან ტერიტორიაზე: ჯავის რაიონზე, რომელიც სამხრეთ ოსეთის სამხედრო დაჯგუფებების საყრდენ პუქტად აღიქმება და როკის გვირაბზე, რომელიც სამხრეთ ოსეთს ჩრდილოეთ ოსეთთან აკავშირებს. თბილისი აცხადებს, რომ როკის გვირაბი რეგიონში იარაღის შემოტანის და კონტრაბანდის მთავარი მარშრუტია.     


“ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ ცხინვალის რეგიონში შერეული სამშვიდობო ძალების ეფექტურობის საკითხთან დაკავშირებით. უფრო ლოგიკური და გასაგები იქნებოდა მხოლოდ რუსი და ქართველი სამშვიდობოების შეყვანა ამ გაერთიანებაში. ამავე დროს, უნდა შესრულდეს ადრე მიღებული შეთანხმებები, რომლებიც გულისხმობს მისი საქმიანობის გავრცელებას სამხრეთ ოსეთის მთელს რეგიონზე, როკის გვირაბზე მუდმივი და გამჭირვალე კონტროლის დამყარებას და ეუთოს ინსპექტორებისთვის გადაადგილების და მონიტორინგის პირობების უზრუნველყოფას. როგორც კი დასრულდება დემილიტარიზაცია, შერეული სამშვიდობო ძალები უნდა ჩაანაცვლოს ქართველი და ჩვენი ოსი თანამემამულეებისგან დაკომპექტებულმა პოლიციის დანაყოფებმა“, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა.


მისი თქმით, ეს ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგანაც სულ მალე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოახსენებს პარლამენტს ასრულებენ თუ არა სამშვიდობო ძალები ნაკისრ ვალდებულებებს.


“თუ ეს შემოთავაზებული ნაბიჯები წარმატებული იქნება, მაშინ პრემიერ-მინისტრი აცნობებს პარლამენტს შერეული სამშვიდობო ძალების საქმიანობის გაუმჯობესების და საერთო სიტუაციის თაობაზე. თუ პარლამენტი გადაწყვეტს, რომ რუსმა სამშვიდობოებმა უნდა დატოვონ ცხინვალის რეგიონი, საქართველოს მთავრობა მაინც განახორციელებს სამშვიდობო გეგმას. და ამრიგად, საჭიროა ნათლად განვაცხადო: ჩვენი გეგმის განხორციელება არ არის დამოკიდებული სამშვიდობოების ყოფნაზე“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადების საპასუხოდ აშშ-ს ელჩმა ეუთოში ჯული ფინლიმ განაცხადა, რომ საქართველო ფრთხილად უნდა იყოს სამშვიდობოებზე გადაწყვეტილების მიღებისას. მისი თქმით, ქართული მხარის თხოვნამ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალების გაყვანის თაობაზე “შესაძლოა დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“.


 

Back to top button