
რუსეთის პრეზიდენტი თბილისის პოლიტიკას აკრიტიკებს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 31 იანვარს განაცხადა, რომ მოსკოვის დადანაშაულება საქართველოში არსებული ენერგოკრიზისის გამო რუსეთისთვის “შეფურთხება“ იყო, რაც ორ მეზობელს შორის დაძაბული ურთიერთობის კიდევ ერთი ნიშანია.
ჩრდილოეთ ოსეთში 22 იანვარს ორ გაზსადენზე მომხდარმა აფეთქებებმა საქართველოში ენერგოკრიზისი გამოიწვია. ამ აფეთქებებიდან ცოტა ხნის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ “საბოტაჟის მოწყობაში“ დაადანაშაულა და რუსეთს “უპრინციპო შანტაჟისტი“ უწოდა.
ვლადიმერ პუტინი დღეს კრემლში 1000-მდე რუს და უცხოელ ჟურნალისტს შეხვდა.
რუსეთის პრეზიდენტმა 31 იანვარს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის მიმართ განხორციელებული პოლიტიკა ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას აფერხებს.
“დიახ, მოხდა უბედურება, [გაზის] მიწოდება შეჩერდა. ჩვენი სპეციალისტები დღე და ღამე მუშაობდნენ მთებში –30 გრადუსიან ყინვაში იმისთვის, რომ აღედგინათ საქართველოს ენერგომომარაგება. ჩვენ კი რა მოვისმინეთ საქართველოს ხელმძღვანელობისაგან. მხოლოდ ფურთხი ჩვენი მიმართულებით“, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთის მიმართ ასეთი პოლიტიკა “არ გააუმჯობესებს რიგითი ქართველის მდგომარეობას. ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება“.
“რაც შეეხება ჩვენ ზრახვებს, ჩვენ ვთვლით, რომ ქართველი ხალხი ძალიან ახლობელია ჩვენთვის ისტორიულად, კულტურულად. თქვენ იცით, რომ ბევრი ქართველი ცხოვრობს რუსეთში, რამდენმა რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის [ქართველმა] მოქალაქემ შეიტანა წვლილი რუსეთის განვითარებასა და გაძლიერებაში. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ და არასოდეს არ ვივიწყებთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს კარგი ხიდია მეგობრული ურთიერთობების გამყარებისათვის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ამის საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 31 იანვარს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება “არ იყო ის ტონი, რომლითაც ორი სუვერენული სახელმწიფო უნდა ელაპარაკოს ერთმანეთს“.
პრეზიდენტ პუტინის მიერ 30 იანვარს გაკეთებული კიდევ ერთი განცხადება პოსტ-საბჭოთა სივრცეში “გაყინული კონფლიქტების“ შესახებ, სავარაუდოდ, თბილისის შეშფოთებას გამოიწვევს.
კრემლში მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა დაავალა საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს კოსოვოს მომავალ სტატუსზე საუბრისას ისეთ გადაწყვეტილებას დაუჭიროს მხარი, რომელიც უნივერსალური იქნება და მიესადაგება პოსტ–საბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტების მოგვარებას.
“შემოთავაზებული გადაწყვეტილებების ყველა ვარიანტს, რომელთაც თქვენ განიხილავთ – მინდა გთხოვოთ, რომ შეახსენოთ ამის შესახებ კოლეგებს – უნდა ჰქონდეს უნივერსალური ხასიათი. პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვერ ვივლით იმ გზაზე, რომლის მიხედვითაც ერთ ადგილას ერთ პრინციპებს გამოვიყენებთ, მეორეში კი მეორეს“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინმა ლავროვს ეს დავალება მინისტრის ლონდონში გამგზავრების წინ მისცა, სადაც კოსოვოს სტატუსზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფის (აშშ, რუსეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია) შეხვედრაა დაგეგმილი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი “უნივერსალურობის“ პოლიტიკას განახორციელებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, “როცა მოსამზადებელი მუშაობის დროს ჩვენი პარტნიორები საკონტაქტო ჯგუფიდან ცდილობენ ჩაწერონ ამ ჯგუფის დოკუმენტებში თეზისი იმის შესახებ, რომ კოსოვო არის უნიკალური შემთხვევა, რომელმაც არ შეიძლება რომ სხვა პრეცედენტები შექმნას“.
სავარაუდოდ, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები თებერვლის პირველ ნახევარში კიდევ უფრო დაიძაბება. საპარლამენტო მოსმენა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების საქმიანობის შესახებ 7 თებერვალს გაიმართება. მოსალოდნელია, რომ პარლამენტი მთავრობას დაავალებს 15 თებერვლიდან სამშვიდობოების გაყვანის პროცედურები დაიწყოს.
მოსკოვმა უკვე გააკეთა გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ რუსი სამშვიდობოების გაყვანას შესაძლოა სამხრეთ ოსეთში დაძაბულობის ესკალაცია მოყვეს.