
პუტინი: რუსეთის მიმართ ასეთი პოლიტიკა არ გააუმჯობესებს რიგითი ქართველის მდგომარეობას
დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოსა და რუსეთს შორის ენერგოდაძაბულობის თემას შეეხო და განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა რიგითი ქართველების მდგომარეობას არ გააუმჯობესებს.
რუსეთ–საქართველოს გართულებული ურთიერთობები “უკავშირდება არა ამინდს, არამედ ცალკეული ქართველი პოლიტიკური მოღვაწეების უნარს ადექვატურად შეფასონ რუსეთთან ურთიერთობებში არსებული სიტუაცია“, –განაცხადა პუტინმა.
თბილისმა 22 იანვარს ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთ–საქართველოს დამაკავშირებელ ორივე გაზსადენზე მომხდარ აფეთქებას, რის შედეგადაც ერთი კვირის განმავლობაში საქართველო გაზის გარეშე დარჩა, რუსეთის მხრიდან ენერგოშანტაჟი და ბლოკადა უწოდა.
“კი, მოხდა უბედურება, [გაზის] მიწოდება შეჩერდა. ჩვენი სპეციალისტები დღე და ღამე მუშაობდნენ მთებში –30 გრადუსიან ყინვაში იმისთვის, რომ აღედგინათ საქართველოს ენერგომომარაგება. ჩვენ კი რა მოვისმინეთ საქართველოს ხელმძღვანელობისაგან. მხოლოდ ფურთხი ჩვენი მიმართულებით. და საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ რუსეთის მიმართ ასეთი პოლიტიკა არ გააუმჯობესებს რიგითი ქართველის მდგომარეობას. ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება“, – განაცხადა 31 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა.
ამავდროულად, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების გასამყარებლად მზადყოფნა გამოთქვა.
“რაც შეეხება ჩვენ ზრახვებს, ჩვენ ვთვლით, რომ ქართველი ხალხი ძალიან ახლობელია ჩვენთვის ისტორიულად, კულტურულად. თქვენ იცით, რომ ბევრი ქართველი ცხოვრობს რუსეთში, რამდენმა რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის [ქართველმა] მოქალაქემ შეიტანა წვლილი რუსეთის განვითარებასა და გაძლიერებაში. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ და არასოდეს არ ვივიწყებთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს კარგი ხიდია მეგობრული ურთიერთობების გამყარებისათვის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.