ახალი ამბები

სააკაშვილი: ირანი და საქართველო გაზის მოწოდებაზე შეთანხმდნენ

29 ან არაუგვიანეს 30 იანვრიდან ირანი საქართველოსთვის გაზის მოწოდებას იწყებს, განაცხადა დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობის წევრებთან საგანგებო შეხვედრის დროს.   


თუმცა, პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა იმ გაზის ღირებულება ან რაოდენობა, რომლის იმპორტსაც საქართველო ირანიდან გეგმავს.


„კონტრაქტის თანახმად, ირანული მხარე საქართველოსთვის მინიმალურად საჭირო რაოდენობის გაზის მოწოდებას კვირიდან ან არაუგვიანეს ორშაბათიდან დაიწყებს, რათა თითქმის სრულად აღდგეს ელექტროენერგიის და გაზის მნიშვნელოვანი ნაწილის მოწოდება“, – განაცხადა სააკაშვილმა.


„ის ფასები, რომლებზედაც არის საუბარი ტელევიზიით არ არის ზუსტი. ფასები ძალიან ხელსაყრელია საქართველოსთვის ამ ეტაპზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქართული მედია იუწყებოდა, რომ საქართველოს მოუწევდა 120 აშშ დოლარის გადახდა 1000 კუბურ მეტრ ირანულ გაზში, რაც 10 აშშ დოლარით მეტია ვიდრე რუსული გაზის ფასი.


ერთადერთი გზა, რათა ირანული გაზი საქართველოში შემოვიდეს, აზერბაიჯანზე გადის. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა არ დააზუსტა ირანული გაზის იმპორტის რაოდენობა, ზოგიერთი ექსპერტის თქმით,  4 მილიონი კუბური მეტრი გაზის ის მაქსიმალური რაოდენობაა, რომლის გატარებაც აზერბაიჯანი-საქართველოს გაზსადენის მეშვეობითაა შესაძლებელი. 


სააკაშვილის თქმით, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი “მიმოსვლით დიპლომატიას” ახორციელებდა ბოლო დღეებში ბაქოსა და თეირანში. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დელეგაცია კვლავ ირანში იმყოფება.


“ჩვენ ვქმნით მექანიზმს, რომლითაც მომავალში, როცა იქნება ასეთი ტიპის შეზღუდვები ან რაიმე სხვა სახის ავარია, ჩვენ მივიღებთ ასეთივე წესით ბუნებრივ აირს და ეს არის ძალიან კარგი მექანიზმი, რომელიც შეიქმნა”, – განაცხადა სააკაშვილმა.


“ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხა. და რუსეთშიც უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ალტერნატივა უკვე გვაქვს”, – დასძინა მან.     

Back to top button