ახალი ამბები

თბილისის მერი: ალტერნატიულ ენერგორესურსებზე ფასის ხელოვნურად გაზრდა მიუღებელია

თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კატეგორიულად გააფრთხილა ალტერნატიული ენერგორესურსებით მოვაჭრეები, რომ ქვეყენაში შექმნილი ენერგოკრიზის ფონზე არ მოხდეს თხევად აირზე, შეშაზე და ნავთზე ფასების ხელოვნურად ზრდა.


„კატეგორიულად გავაფრთხილე ყველა, რომ თუ მოხდება თხევად გაზზე ფასის მომატება ეს იქნება პირდაპირი სპეკულიანტობა, ვინაიდან არანაირი საბაზრო აუცილებლობა ამისი არ არის, არც ერთ საბითუმო მომწოდებელს ფასი არ გაუზრდია. დადგება დრო და ყველას მოეთხოვება პასუხი, ძალიან მკაცრად“, – განაცხადა გიგი უგულავამ.


მისი თქმით, მერიის გადაწყვეტილებით თბილისში 20-მდე დამატებითი თხევადი გაზის დასატუმბი სადგურები გაიხსნა, რომლებიც რამდენიმე თვის წინ სხვადასხვა ტექნიკური გაუმართაობის გამო დროებით იყო დალუქული. ასევე შემოტანილი იქნება დამატებითი რაოდენობის ნავთი.


გიგი უგულავას ინფორმაციით, დამატებით 80%-ით გაიზარდა მუნიციპალური ტრანსპორტი და შეუფერხებლად მუშაობს მეტროპოლიტენი.


ამასთანავე შექმნილი ენერგოკრიზისიდან გამომდინარე თბილისის მერის ინფორმაციით, სწავლა შეწყვეტილია ყველა სახის სასწავლო დაწესებულებაში, როგორც სკოლებში, ისე საბავშვო ბაღებში. 

Back to top button