
მოსკოვი “რუსეთი–საქართველო–თურქეთის“ ელექტროხაზის მშენებლობის ინიციატივით გამოვიდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე იაკოვენკომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში 2005 წელს ინიცირებულ ენერგოპროექტებზე საუბრისას ხაზი გაუსვა რუსული მხარის ინიციატივას “რუსეთი–საქართველო–თურქეთის“ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების 19–20 დეკემბერს სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე “რაო “ეეს რუსეთის“ წარმომადგენლებმა შესთავაზეს “რუსეთი–საქართველო–თურქეთის“ ენერგოხიდის მშენებლობის პროექტის მომზადება, რომლის რეალიზებაც შექმნის თურქეთის ბაზარზე ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობას“, – იუწყება რუსეთის საგარეო უწყება 29 დეკემბერს იაკოვენკოს სიტყვებზე დაყრდნობით.
“ამ პროექტის ფარგლებში ნავარაუდევია ელექტროენერგიის ერაყისთვის მიწოდების საკითხის დამუშავებაც“, – დასძენს იაკოვენკო.
მისი თქმით, “რუსეთი–საქართველო–თურქეთის“ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა შავი ზღვის ერთიანი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ჩამოსაყალიბებლად ტექნოლოგიურ პირობებს შექმნის.