ახალი ამბები

ბურჯანაძე 2005 წელს ძალიან წარმატებულს უწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2005 წელი ქვეყნის განვითარებაში გარდამტეხი იყო. მან ხაზი გაუსვა პარლამენტის როლს კონფლიქტების მოგვარების პროცესში, ასევე ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების მოძიების კუთხით.


“ჩვენ ეს წელი შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ძალიან წარმატებული და  პოზიტიური წელი, რომლის განმავლობაშიც საქართველოს პარლამენტმა იმუშავა ძალიან ნაყოფიერად და რაც მთავარია, სწორი მიმართულებით“, – განაცხადა 29 დეკემბერს ნინო ბურჯანაძემ და აქვე აღნიშნა, რომ “ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი“.


პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა პრეზიდენტთან და მთავრობასთან საკანონმდებლო ორგანოს კოორდინირებულ მუშაობას, რაც პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილებების აღსრულებაშიც გამოიხატა და “ეს ესეც გაგრძელდება“.


“მე სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ პარლამენტმა [მარტში] მიიღო ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო დადგენილება, რომელიც ეხებოდა საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის საკითხს და რომელსაც ძალიან მოკლე პერიოდში მოყვა კონკრეტული შედეგები… ამ დადგენილებამ ერთ–ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა“, – განაცხდა ნინო ბურჯანაძემ.


მან ასევე პრინციპული უწოდა პარლამენტის მიერ 10 ოქტომბერს რუსი სამშვიდობოების “როლსა და მომავალ ბედთან“ დაკავშირებით მიღებულ დადგენილებას, “რომელსაც აუცილებლად ავამოქმედებთ“, თუ არ იქნება მიღწეული კონკრეტული პროგრესი თებერვალში სამშვიდობოების მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულების კუთხით.


2005 წლის განმავლობაში პარლამენტმა 200–ზე მეტი კანონი და დადგენილება მიიღო.


ნინო ბურჯანაძის განცხადებით, 2006 წელს პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების გაძლიერების, დემოკრატიის განმტკიცების, ადამიანის უფლებების დაცვის, საინვესტიციო კლიმატისა და ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესების მიმართულებებით.

Back to top button