
პრეზიდენტი ბიზნესმენებს ეკონომიკური განვითარების დაჩქარებისაკენ მოუწოდებს
დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესმენებთან ერთად გამართულ “საქველმოქმედო ვახშამზე“ საგარეო ვაჭრობის რეორიენტაციასა და ეკონომიკის სწარფი ტემპებით განვითარებაზე გააკეთა აქცენტები. მან ასევე განაცხადა, რომ ბიზნესს სჭირდება მეტი ინიციატივა და მოქმედება.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ “რუსეთის მიერ გაზის ფასების გაორმაგება სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ზეწოლა. ჩვენ დავრწმუნდით, რომ ამას არანაირი ეკონომიკური საფუძველი არ აქვს“.
რუსული სახელმწიფო კომპანია “გაზპრომი“ 2006 წლიდან საქართვლოს 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს 110 აშშ დოლარად მიაწვდის, ნაცვლად 63 აშშ დოლარისა. ცოტა ხნის წინ, ოფიციალურმა მოსკოვმა ასევე აკრძალა მცენარეული პროდუქტის საქართველოდან იმპორტი.
“რუსეთის მხრიდან მუქარები შესრულებულია: გაზი ძვირდება და მანდარინის შეტანა აიკრძალა…ამ ტიპის ზეწოლამ არ უნდა შეგვაშინოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოზე ბოლო დროინდელმა ეკონომიკურმა ზეწოლამ ქვეყნის განვითარებას ახალი სტიმული უნდა მისცეს.
“თუ ჩვენ გვინდა გავხდეთ თანამედროვე ეკონომიკა, უნდა შევძლოთ ჩქარი რეორიენტაცია და ახალ ბაზრებზე გასვლა“, – განაცადა სააკაშვილმა და აქვე დასძინა, რომ სახელმწიფომ უკრაინისა და ყაზახეთის ბაზრების გახსნისათვის ყველაფერი გააკეთა და მათი ათვისება უკვე ბიზნესმენების საქმეა.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის გამთლიანების საქმეში ეკონომიკური სიძლიერის ფაქტორის მნიშვნელობას.
“ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანება ქვეყნის სიძლიერის პირობებში…არ შეიძლება შევქმნათ ისეთი სიტუაციები [ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე], რაც დაწყებულ ეკონომიკური განვითარებას შეაჩერებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე. “უნდა ვიფიქროთ გადასახადების შემცირებაზე და ასე ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა მივცეთ ბიძგი ეკონომიკურ განვითარებას“.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს დღევანდელთან შედარებით 5–6–ჯერ მეტის წარმოების პოტენციალი გააჩნია.
29 დეკემბერს პრეზიდენტის ბიზნესმენებთან შეხვედრის მიზანი უფასო სასადილოებისათვის თანხების მოზიდვა იყო.