
თბილისისთვის კოკოითის წინადადებები “მოულოდნელი“ აღმოჩნდა
დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა “მოულოდნელი“ უწოდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის წინადადებებს ერთობლივი სამშვიდობო გეგმის შემუშავების თაობაზე. ნოღაიდელის განცხადებით, იგი მზადაა “დღესვე“ შეხვდეს ედუარდ კოკოითს და განიხილოს მასთან კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო გეგმა.
“ჩვენ მივიღეთ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელმძღვანელის ედუარდ კოკოითი მოულოდნელი წერილი, რომელითაც იგი მიმართავს საქართველოს, რუსეთის და ეუთოს წევრი ქვეყნების პრეზიდენტებს ინიციატივით, რომ დავიწყოთ მუშაობა ერთობლივ სამშვიდობო გეგმაზე. ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი დებულებები იზიარებს იმ სამშვიდობო გეგმას, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით იყო წარდგენილი 2004 წლის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, შემდეგ კი წარდგენილი იქნა ეუთოს მუდმივ საბჭოზე და საბოლოო ჯამში მხარდაჭერილი იქნა ეუთოს მინისტრერიალზე ლიუბლიანაში გასულ კვირას“, – განაცხადა 13 დეკემბერს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა.
პრემიერ–მინისტრის განცხადებით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა და დაიწყოს მსჯელობა სამშვიდობო გეგმის თაობაზე. კერძოდ, კი უნდა დაიწყოს ამ გეგმის პირველი ეტაპი – კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის პროცესი.
პრემიერ–მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიტიურ როლს საგანგებოდ გაუსვა ხაზი.
“ჩვენ რუსეთის მხარდაჭერა მხოლოდ კოკოითის გუშინდელ განცხადებასთან მიმართებაში კი არ დავინახეთ, არამედ ყველა მოლაპარაკებების დროს, განსაკუთრებით კი რუსეთმა კონსტრუქციული პოზიცია დაიკავა ლიუბლიანაში გამართულ ბოლო სამიტზე“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.
5–6 დეკემბერს ლიუბლიანაში ეუთოს მინისტერიალზე რუსეთმა მხარი დაუჭირა საქართველოს შესახებ განცხადების მიღება, რომელიც იწონებს თბილისის სამშვიდობო გეგმას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე.