
ახალი ამბები
საპენსიო დებატები
![]() |
აქციის მონაწილეები პენსიების სტაჟისა და დამსახურების მიხედვით დანიშვნას ითხოვენ. |
ცვლილებები ითვალისწინებს მომავალი წლიდან მინიმალური პენსიის ზრდას 28 ლარიდან 38 ლარამდე და მაქსიმალური პენსიის შემცირებას 5 ათასი ლარიდან 560 ლარამდე. მაქსიმალური პენსიებია გათვალისწინებული ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის. ცვლილებები ასევე შეეხება საპენსიო ასაკსაც, კერძოდ, ქალებისთვის საპენსიო ასაკი 60–დან 65 წლამდე იზრდება, ხოლო მამაკაცებისთვის 70–დან 65 წლამდე მცირდება.
საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტი ყოფილი ჩინოვნიკების პენსიების შემცირებით დაახლოებით 1.5 მილიონ ლარს დაზოგავს. თუმცა, დამატებით 35 მილიონი ლარი იქნება საჭირო გაზრდილი მინიმალური პენსიების დასაფარად. 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში პენსიებსა და სხვა სახის სოციალური დახმარებებისთვის 584,6 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
თუმცა 2 დეკემბერს პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილენი, ასევე ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები პენსიების სტაჟისა და დამსახურების მიხედვით დანიშვნას ითხოვენ. საქართველოში დაახლოებით 950,000 პენსიონერია. 2006 წლისათვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 28,000–ით გაიზრდება.
“მე 60 წელი ვიმუშავე და ისინი 38 ლარს მთავაზობენ. ეს 10-ლარიანი მომატება იგივეა ატირებულ ბავშვს კამფეტი რომ მისცე გასაჩუმებლად“, – განუცხადა საპროტესტო აქციის 79 წლის მონაწილემ ვალერი ჭელიძემ “სივილ ჯორჯიას“.
![]() |
88 წლის ნიკოლოზ ომიაძის (მარჯვნივ) განცხადებით, მას სულ ცოტა 150 ლარი სჭირდება საარსებოდ. |
აქცია ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის“ ორგანიზებით მოეწყო, რომელშიც გაერთიანებულნი არიან დეპუტატები “რესპუბლიკური“ და “კონსერვატიული“ პარტიებიდან.
ოპოზიციური პარტია “კოსერვატორების“ ლიდერი კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ სტაჟზე დაფუძნებული საპენსიო სისტემის შემოღება”ის ერთ-ერთი დაპირება იყო, რომლითაც ახლანდელი მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა“.
“მაგრამ ახლა დაავიწყდათ თავიანთი დაპირებების შესახებ. ჩვენ მატყუარა მთავრობა გვყავს“, – განაცხადა მან 3 დეკემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
თუმცა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა 2 დეკემბერს პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ სტაჟზე დაფუძნებული საპენსიო სისტემის შემოღება მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, როცა მინიმალური პენსია საარსებო მინიმუმს გაუტოლდება, რომელიც თვეში დაახლოებით 140-150 ლარს შეადგენს.
“ვფიქრობ, ეს ორ წელიწადში გახდება შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ მიმართულებით უკვე მივდივართ პენსიების ეტაპობრივად ზრდის მეშვეობით”,- განაცხადა ლადო ჭიპაშვილმა.
საპენსიო სისტემის გარშემო არსებულმა დაპირისპირებამ და პარლამენტის შენობის წინ გამართულმა საპროტესტო აქციამ “ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთ გავლენიან წარმომადგენელს დებატებში ჩართვისკენ უბიძგა. დეპუტატმა გიგა ბოკერიამ 2 დეკემბერს პრეს-კონფერენცია გამართა და ოპონენტების ბრალდებებს “უსაფუძვლო და სამარცხვინო პოპულიზმი“ უწოდა.
“მინდა გთხოვოთ, რომ არც მოსახლეობა, არც მედია არ აყვეთ ამ პოპულიზმს. მინდა გითხრათ, რომ პენსიები იზრდება 10 ლარით პენსიონერების 96%-ისთვის. ეს შესაძლებელი გახდა ბევრი რამის ხარჯზე, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნების პენსიების შემცირების ხარჯზეც“, – განაცხადა მან.
“ჩვენ გვესმის, რომ ეს ზრდა [10 ლარით] საკმარისი არ არის, მაგრამ ქვეყანა თანდათან უახლოვდება იმ ეტაპს, როდესაც პენსიონერი შეძლებს არსებობას თავისი პენსიით. ეს [დრო] ჯერ არ დამდგარა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც [ყოფილი] ხელისუფლება 14-ლარიანი პენსიის დარიგებასაც კი ვერ ახერხებდა. ჩვენ მოვახერხეთ ამ საპენსიო დავალიანების დაფარვა – როგორც მახსოვს, ეს თანხა 300 მილიონ ლარს შეადგენდა – და ჩვენ გავაორმაგეთ პენსიები [14-დან 28 ლარამდე] და ახლა ჩვენ ისევ ვზრდით პენსიებს 10 ლარით. ეს ფაქტია… ეს ის არის, რისი გაკეთებაც ქართულ სახელმწიფოს ამ ეტაპზე შეუძლია. ყველაფერი დანარჩენი დემაგოგია და პოპულიზმია. შეუძლებელია საქართველო ორ დღეში შვეიცარია გახდეს“, – განაცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ.
პარალელურად, საქართველოს წამყვან სატელივიზიო არხებზე უკვე გაჩნდა მთავრობის მიერ დაფინანსებული სარეკლამო რგოი, რომელიც მიესალმება ხელისუფლების პოლიტიკას პენსიების თანდათან ზრდის კუთხით და რომელსაც დევიზად გასდევს: „გავანაწილოთ პენსიები სამართლიანად.“
საპენსიო დებატების დროს დაგროვილი დაძაბულობა 2 დეკემბერს თბილისის საკრებულოში, საკრებულოს წევრებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რომელშიც მონაწილეობა ოპოზიციონერმა და “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმაც მიიღეს მონაწილეობა.
დეპუტატმა კობა დავითაშვილმა 3 დეკემბერს განაცხადა, რომ ოპოზიცია დებატების გაგრძელებას პარლამენტის სხდომებზეც გეგმავს. გარდა ამისა, მან მოსახლეობას 6 დეკემბერს საპროტესტო აქციის გამართვისკენ მოუწოდა.