ახალი ამბები

ხაინდრავა: ცხინვალის რეგიონში რუსი სამშვიდობოები დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ დღეს განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში მყოფი რუსი სამშვიდობოები მანდატით დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ.


ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ხაინდრავამ აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტებს 2 დეკემბერს დახურულ კარს მიღმა სამშვიდობოებთან დაკავშირებით პარლამენტის 10 ოქტომბრის დადგენილების აღსრულების შესახებ შუალედური ინფორმაცია გააცნო.


ხაინდრავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “დადგენილების შესრულებას, რა თქმა უნდა,  რუსეთის მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდება… თუმცა სამშვიდობოებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი გამოასწორონ ვითარება და შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები“.


პარლამენტის დადგენილების თანახმად, საქართველოს მთავრობას ევალება 2006 წლის 10 თებერვლამდე მოახსენოს პარლამენტს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ. თუ მთავრობა ამ მხრივ პროგრესს ვერ დააფიქსირებს, მაშინ 2006 წლის 15 თებერვლიდან კანონმდებლები სამშვიდობოების გაყვანას მოითხოვენ. ანალოგიური დებულება ეხება აფხაზეთის კონფლიქტის ზონას, თუმცა უფრო გვიანი ვადებით.

Back to top button